თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საფარი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამართლიანი არჩევნები და ღია საზოგადოება საქართველო აცხადებენ, რომ არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ. 

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მან ვერ გაართვა თავი ამ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი, თუკი ჩვენ ჩავერთვებით კონსულტაციაში მასთან იმ პროცესში, რასაც მთავარი პროკურორის არჩევა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავრი პროკურორი აარჩიოს, ამიტომ, ჩვენ მას მაგიდასთან არ დავუჯდებით,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

"იუსტიციის მოქმედი მინისტრის შემთხვევაში კონსულტაციებში მონაწილეობა არის პრინციპულად მიუღებელი. როდესაც ბატონი პრემიერი საუბრობდა გასული კვირის მოვლენების ფონზე რომ მზად არის უზრუნველჰყოს პროცესის ღიაობა, ჩართულობა, ფართო მონაწილეობა. ჩვენგან არის ასეთი პირობა - მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ერთი პირობით, თუ ამ პროცესს უხელმძღვანელებს არა მოქმედი იუსტიციის მინისტრი, არამედ სხვა პიროვნება, რომელიც დაიკავებს ამ პოზიციას", - ამბობს სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე. 

ორგანიზაციებმა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. თუმცა, მინისტრს გადადგომას წინა დღეებშიც ურჩევდნენ. წულუკიანმა გუშინ, 4 ივნისს მათ ამ მოთხოვნას "ფსიქოზი" უწოდა. 

"რაც შეეხება ჩემი გადადგომის მოთხოვნებს, მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში, რომელშიც ხალხი, ვინც ჩემს გადადგომას ითხოვს მონაწილეობს. იმიტომ რომ მე მაქვს პასუხისმგებლობები. ხანდახან ეს პასუხისმგებლობები არის მძიმე ან ძალიან მძიმე მაგრამ მე მას ვზიდავ და რაც მთავარია ვამბობ სიმართლეს. სიმართლეს, რადგან ვხედავდი და ვხედავ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება,“ - თქვა თეა წულუკიანმა.

მთავარი პროკურორის თანამდებობა უკვე რამდენიმე დღეა, ვაკანტურია. ირაკლი შოთაძე 31 მაისს, მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარიარასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების საქმეს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ერთ-ერთი დაღუპული მოზარდის, დავით სარალიძის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ორი ბრალდებულიდან მისი მკვლელობა არც ერთს ჩაუდენია. სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურას ბრალი არასათანადოდ მუშაობაში დასდო და მტკიცებულებების დამალვასა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში დასდო. 

თეა წულუკიანმა შოთაძეს ზოგადად გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ახალი პროკურორი კონსენსუსის შედეგად დაინიშნება. 

კომენტარები