ხორავას ქუჩის საქმე

აქცია "ნუ მომკლავ" დღეს, 16:00-დან განახლდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის ძველი შენობის წინ დღეს, 16:00 საათიდან განახლდება.

მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გუშინ, მთავარ პროკურატურასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდა.

გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც, აქციამ პარლამენტის ძველ შენობასთან გადაინაცვლა. მონაწილეებმა ირაკლი შოთაძის და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მოგვიანებით, მოთხოვნების სია გაიზარდა - აქციის მონაწილეებმა ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს გადადგომისკენ მოუწოდეს. 

გვიან ღამით, პარლამენტთან პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. მას სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს, ბოთლები ესროლეს და შეძახილით „წადი“ გააძევეს. ამის შემდეგ, პრემიერმა ბრიფინგი მთავრობის კანცელარიაში გამართა და განაცხადა, რომ დღეიდან, ხორავას ქუჩის საქმე შსს-ს დაუბრუნდება. გარდა ამისა, გუშინ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა იქნება უმრავლესობაში, ხოლო ახალ მთავარ პროკურორს "ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით" შეარჩევენ.

კომენტარები