გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი - რას ითხოვენ აქციაზე

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გამომსვლელებმა ახალი მოთხოვნები დააყენეს. ისინი ითხოვენ, გადადგნენ მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ ჩინჩალაძე.

ზვიად კუპრავა, რომელიც აქციას უძღვება, ამბობს, რომ პროკურატურას ამ პირების დაბარებისთვის  და "შესაბამისი ბრალის წაყენებისთვის" ვადას 22:00 საათამდე აძლევენ.

„ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი? მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ველოდებით 10 საათს. თუ 10 საათზე ჩამოთვლილი პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული, დავაყენებთ სხვა მოთხოვნებს. გეშინოდეთ ხალხის და არა მირზა სუბელიანის“, - ამბობს კუპრავა.

პარლამენტთან აქციამ "ნუ მომკლავ" მთავარი პროკურატურიდან გადაინაცვლა. მღელვარება  მას შემდეგ დაიწყო, რაც საქალაქო სასამართლომ არც ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ არ ცნო.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები