ხორავას ქუჩაზე ერთერთი მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემ დღეს მთავარ პროკურატურასთან კიდევ ერთი აქცია დაანონსა. მისი თქმით, ირაკლი შოთაძე მასთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
"არ მივცემ ამ სისტემას უფლებას, რომ ჩემს შვილს და ყველა იმ მოკლულ ადამიანს ჩააფურთხოს სულში. მივმართავ ბატონ გახარიას, შს-ს მინისტრს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა დღეს აქ მოსვლის პერიოდში.
51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ გვერდით და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას. რაც შეეხება ჩემს პროკურატურაში შესვლას, საათებია, უკვე ველოდებით თავისივე შემოთავაზებას, ბატონ შოთაძეს საათებია, ველოდებით. როგორც ჩანს, შოთაძე არ აპირებს ჩვენს იქ შეშვებას და ჩვენთან მოლაპარაკებას. მივმართავ მთელ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ქართველებო, 7 საათზე დამიდექით ყველა გვერდით, მთავარ პროკურატურასთან. ძირს ეს სისტემა"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.





