NATO

NATO: ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

ოანა ლუნჯესკუ
NATO

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისი NATO-ს სპიკერის, ოანა ლუნჯესკუს განცხადებას ავრცელებს:

"სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია. NATO კვლავ მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან. სირიის გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. NATO-ს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიუხედავად იმისა, რომ NATO არ მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულად და მისდიონ კოლფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების და მათთან დიპლომატიური კავშირის დამყარების თაობაზე განცხადება გუშინ გავრცელდა. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ.

კომენტარები