რომან აბრამოვიჩი

კრემლთან დაახლოებულ რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს ინგლისის ვიზას არ უგრძელებენ

Eurosport

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი შაბათს FA თასის ფინალს ვერ დაესწრო - მატჩში მისმა გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. 

მიზეზი სავიზო პრობლემებია - აბრამოვიჩს ბრიტანეთის ვიზა არ გაუგრძელეს. 

Financial Times-ის ცნობით: 

"ლონდონში მცხოვრები აბრამოვიჩი, რომელიც 9 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტ ქონებას ფლობს და რომელსაც კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს, რუსეთში სწორედ ვიზის გასაგრძელებლად დაბრუნდა. აბრამოვიჩი ინგლისში ინვესტორის ვიზით ცხოვრობს. ვიზას ვადა გასულ თვეში გაუვიდა, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობამ მის გაგრძელებაზე უარი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო თქვა". 

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პატრინ ვინტურმა ტვიტერზე დაწერა, რომ "აბრამოვიჩის ვიზის გაგრძელების შეყოვნებას წინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მისი თავმჯდომარის მოხსენება უძღოდა - ის გამოვიდა მოწოდებით, მიეღოთ სათანადო ზომები ლონდონში პუტინის ოლიგარქების წინააღმდეგ. 

ჟურნალისტისვე თქმით, მას რუსეთის ელჩმა უთხრა, რომ ბრიტანეთის მთავრობა რისკავს - ქვეყანას შესაძლოა უჩივლონ.

რომან აბრამოვიჩმა ლონდონის ჩელსი 2003 წლის ივლისში შეიძინა, თუმცა ინგლისში საცხოვრებელი ვიზა არასდროს ჰქონია. 

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვი სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში დაადანაშაულა. 21-მა ქვეყანამ რუსი დიპლომატებიც გააძევა. 

კომენტარები