თბილისის მერია

მერია: პრეზერვატივ "აიისაზე" გამოსახული რეკლამა არაეთიკურია

ტაბულა

თბილისის მერია მიიჩნევს რომ პრეზერვატივ "აიისაზე" გამოსახული რეკლამა არაეთიკურია და რეკლამის წარმოებისა და გავრცელების წესს არღვევს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტაბულასთვის მიწოდებულ განცხადებაში წერია, რომ მერიამ ინდივიდუალური მეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოქმი მერიამ პარტია "ქართული იდეის" განცხადების საფუძველზე დაწერა.

"ინდივიდუალური მეწარმე ანა გაჩეჩილაძის მიერ განხორციელებული ქმედება მიჩნეულ იქნა, როგორც არასათანადო რეკლამა, კერძოდ, არაეთიკური რეკლამა, რითაც დაირღვა რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი და აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - ასკ 159-ე მუხლის შესაბამისად და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საყურადღებოა, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დარღვევა არის სასამართლოს განსჯადი, აღნიშნულ ოქმზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო."- წერია მერიის მიერ ტაბულასთვის გამოგზავნილ განცხადებაში.

პარტია "ქართული იდეის" ლიდერის ლევან ჩაჩუას მიერ facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მან მერიას შესაბამისი განცხადებით 17 მარტს მიმართა.

"ანი გაჩეჩილაძე საქართველოში აწარმოებს პრეზერვატივებს და ახდენს მის რეალიზაციას საფირმო სახელით აიისა, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს მეფე წმიდა თამარის გამოსახულება და იქვე გვერდით განთავსებულია წარწერა: სამეფო კარი თამარში. 
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი თითი (საჩვენებელი, შუა თითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს; უფრო მეტიც, პრეზერვატივზე აღბეჭდილი ცხოველის თავის გამოსახულების გვერდით განთავსებულია შემდეგი წარწერა: „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“. როგორც მოგეხსნებათ ნათლისღების დღესასწაული არის თორმეტი დიდი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი დღესასწაული. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა მორწმუნეებისთვის რადგან ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
გარეკანზე სავარაუდოდ ასევე აღბეჭდილია პრეზერვატივი, რომელსაც სამეფო გვირგვინის ფორმა აქვს და მის ქვეშ იკითხება წარწერა „ძლევაჲ საკვირველი“. 
ნათელია, რომ პრეზერვატივზე განთავსებული რეკლამა არღვევს კონკრეტული ფიზიკური პირების (მაგ. ბაგრატოვანთა), ასევე მართმადიდებელი მოსახლეობის (რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უმრავლესობას) და მართლმადიდებელი ეკლესიის (რომლის განსაკუთრებული მდგომარეობა განსაზღვრულია ე.წ. კონკორდატით - საკონსტიტუციო შეთანხმებით) უფლებებს." - წერია ჩაჩუას განცხადებაში.

მერია თავის განცხადებაში იმ კანონზე მიუთითებს, რომლითაც ოქმის შედგენისას იხელმძღვანელა. 

რეკლამის შესახებ კანონი:

მუხლი 3

2. არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 

5.არაეთიკური რეკლამა - რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების,რასის, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

ტაბულას კითხვაზე, აუცილებელი იყო თუ არა მერიის მხრიდან ოქმის შედგენა, ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მათ კანონის მიხედვით იმოქმედეს.

თავად ანი გაჩეჩილაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლოს საქმე ჯერ წარმოებაში არ მიუღია, რაც შეეხება ჩაჩუას მიერ მერიაში შეტანილ საჩივარს, გაჩეჩილაძის თქმით, "განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებულია."

კომენტარები