Women in the World

ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: პუტინის ჰიბრიდულ ომს 4 კომპონენტი აქვს და 3 შიშს ეფუძნება

რუსეთის წინაღმდეგ ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, როგორ მოქმედებს რუსეთი და რისგან შედგება რუსული ჰიბრიდული ომი. ხშირად ვამბობთ, რომ პუტინს აქვს ყოვლისმომცველი მიზანი, რომ მას რუსეთის დომინირების აღდგენა სურს, მაგრამ კარგად გვესმის თუ როგორ მოქმედებს ის?

პირველ რიგში, მისთვის აუცილებელია, რომ რუსეთის მეზობლად დემოკრატიის არსებობა არ დაუშვას. რატომ?

პირველი, ძალიან რთულია, აშანტაჟო განვითარებული დემოკრატია, აიძულო გახდეს რუსეთის ვასალი;

მეორე, დემოკრატია, როცა ის წარმატებას აღწევს, გადამდები ხდება და პუტინსაც სწორედ ამის ეშინია. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება NATO-ს გაფართოებას. ის სულელი არ არის. მშვენივრად ესმის, რომ NATO-სგან არანაირი სამხედრო საფრთხე არ მოდის. NATO-ს წევრ ქვეყნებს საერთოდ არ სურთ ვინმესთან ომი. NATO არსებობს მშვიდობის დასაცავად, მაგრამ სწორედ ეს არ უნდა მას.

მის ჰიბრიდულ ომს 4 კომპონენტი აქვს:

პირველი სამხედრო კომპონენტია და, საქართველოს მაგალითზე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ძალას;

ძირგამომთხრელი მიზნებისათვის ის იყენებს სპეცსამსახურებს, აფინანსებს სატელიტ პოლიტიკურ პარტიებს, ცდილობს სამთავრობო სტრუქტურებში ინფილტრაციას;

გეგმავს შეკვეთილ მკვლელობებსა და ტერორისტულ აქტებს. სკრიპალის ამბამდე 2 წლით ადრე, თბილისში ჩემი ძვირფასი მეგობარი გივი თარგამაძე, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ დაშავდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები;

ის იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს. საქართველოს დაუწესა მკაცრი ეკონომიკური ემბარგო, ქართველები მასობრივად გამოაძევა რუსეთიდან, შემოიღო ენერგეტიკული ბლოკადა;
და ბოლო, მაგრამ ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანი - დეზინფორმაცია. ბუნებრივია, რომ აქაც საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს. ცოტა ხნის წინ CNN-მა გვაჩვენა ერთი საწყალი ქალი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რუსულ ტროლების ფერმაში ისე მუშაობდა, რომ ამის შესახებ არც კი იცოდა. პუტინი იყენებს სასარგებლო იდიოტებს, რომლებსაც თავის საქმეს ისე აკეთებინებს, რომ ამას ისინი ვერც კი აცნობიერებენ. 

თავის დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მანქანას შიშებით ამუშავებს. საქართველოში ეს 3 შიშზეა დაფუძნებული და ყველა ამ შიშს რეალისტური საფუძველი აქვს:

პირველი, ეს არის ომის შიში და ეს საფრთხე რეალისტურად გამოიყურება. რუსული ტანკები თბილისიდან სულ რაღაც 40 კმ-ში დგანან. პუტინი ცდილობს ჩაგვინერგოს აზრი, რომ დასავლეთს ფეხებზე ვკიდივართ, რომ ჩვენ გამო რუსეთს ომს არავინ დაუწყებს, ამიტომ, მოგიწევს მას გავურიგდეთ;

მეორე, სიღარიბის შიშია. საქართველო ღარიბი ქვეყანაა. პუტინი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი პროდუქტი დასავლეთში არავის სჭირდება. გვეუბნება, რომ თუ გვინდა რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქტი შეუშვას, ჯერ მასთან უნდა დავალაგოთ, კარგად უნდა მოვიქცეთ;

და, მესამე არის კულტურული იდენტობის დაკარგვის შიში. ის თავს გვახვევს მაჩო კულტურას, როგორც დასავლური ცივილიზაციის ალტერნატივას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, იყვნენ თანასწორები. ამ მაჩო კულტურის მსხვერპლი, პირველ რიგში, ჩვენ, ქალები ვხდებით.

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World 2018-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდერირებას

კომენტარები