ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწილში ობამას და ტრამპის ოჯახებს არ ეპატიჟებიან

Cosmopolitan

მთელი მსოფლიო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, ბრიტანეთის სამეფო ქორწილის მოლოდინშია. 19 მაისს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწინდებიან.

საზოგადოება დიდხანს მარჩიელობდა, ტრამპის ოჯახს დაპატიჟებდნენ ქორწილში თუ ობამას. სამშაბათს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ არცერთ ოჯახს ქორწილში არ ეპატიჟებიან.

ქორწილში არ დაუპატიჟებიათ არც ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი.

არ არის გამორიცხული, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი დაესწროს სამეფო ქორწილს, მაგრამ არა თანამდებობის, არამედ სამეფო ოჯახთან უშუალო მეგობრული კავშირის გამო.

“გადაწყდა, რომ ქორწილის სია დიდი ბრიტანეთისა და ზოგადად, მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების ოფიციალურ სიას არ მოიცავს. მისი უდიდებულესობის, დედოფლის ხელისუფლებამ სამეფო ოჯახს მიმართა ამ წინადადებით, ისინიც დათანხმდნენ" - წერია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

წინა სამეფო ქორწილიდან განსხვავებით, ეს ქორწილი უფრო ვიწრო წრეში აღინიშნება, რითაც ირღვევა სამეფო ქორწილის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების დაპატიჟებას. მეორე მხრივ, პრინცი ჰარი არ არის ვალდებული, აუცილებლად დაპატიჟოს მსოფლიო ლიდერები და პოლიტიკოსები, რადგანაც ის არ არის ტახტის პირდაპირი მემკვიდრე.

ცნობილია ისიც, რომ პრინც ჰარის და მეგანს თავიანთ ქორწილში ობამების ნახვაც სურდათ, რადგანაც პრინცი ჰარი და ბარაკ ობამა მეგობრობენ. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მათ ობამას ოჯახის დაპატიჟება დიპლომატიური ზეწოლის გამო ვერ შეძლეს .

სამეფო ქორწილი გაიმართება 19 მაისს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ცერემონიალს სავარაუდოდ 600 სტუმარი დაესწრება, რადგანაც სწორედ ამდენ სტუმარს იტევს ტაძარი.

წყვილმა, ასევე, 1200 რიგითი მოქალაქე დაპატიჟა ვინსდორის სასახლეში თავიანთი ქორწილის აღსანიშნავად. ორშაბათს მათ ხალხს მიმართეს, საქორწილო საჩუქრების მაგივრად, ქველმოქმედებისთვის გადაერიცხათ თანხა.

კომენტარები