სამოქალაქო პარტნიორობა

ნუ დამტოვებ კანონს მიღმა - კამპანია ლგბტ წყვილების უფლებებისთვის

თანასწორობის მოძრაობა

ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ "თანასწორობის მოძრაობა" კამპანია დაიწყო, რომელიც ერთი და იმავე სექსის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების მინიჭებას გულისხმობს. 

კამპანიისთვის მათ ვიდეოები გადაიღეს, რომლებშიც ლგბტ ადამიანები თავიანთი ცხოვრების, დარღვეული უფლებების და სურვილების შესახებ ყვებიან. 

"დღეს არ არის დაცული ლგბტ წყვილის ქონებრივი და პირადი უფლებები. წყვილის, რომელიც თანაცხოვრებას დიდი ხანია ეწევა და რომელსაც საერთო მეურნეობა აქვს, ქონებრივი უფლებები საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. არ არსებობს მექანიზმი იმისათვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი თანასწორობა და მისცეს სათანადო სამართლებრივი გარანტიები. უფრო კონკრეტულად, თუ ადამიანებმა საკუთარი კავშირი იურიდიულად არ გააფორმეს, მაშინ მათი ურთიერთობა იურიდიულ შედეგებს არ იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პარტნიორობა არ წარმოადგენს ქორწინების თანასწორ ინსტიტუტს. იგი არ ითვალისწინებს შვილად აყვანის უფლებას და მხოლოდ აწესრიგებს იმ საბაზისო უფლებებს, რომელსაც სახელმწიფო ქორწინებაში მყოფი განსხვავებული სქესის მქონე წყვილებს ანიჭებს", - ამბობენ ორგანიზაციაში. 

"თანასწორობის მოძრაობის" პროექტების მენეჯერი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, სამოქალაქო პარტნიორობა სრულ თანასწორობას არ გულისხმობს, ვინაიდან წყვილებს რიგ უფლებებს მაინც უზღუდავს, თუმცა, საბაზისო უფლებების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. 

"გვსურს, რაღაც ტიპის თანასწორობას მაინც მივაღწიოთ. ეს არ იქნება სრული თანასწორობა, იმიტომ რომ არ ითვალისწინებს, მაგალითად შვილად აყვანას, მაგრამ გვინდა, რომ ის უფლებები, რომელიც ახლავს ქორწინებას - პარტნიორის მონახულება ციხეში ან საავადმყოფოში მონახულება, მემკვიდრეობის უფლება, ქონების განაწილების საკითხი და სხვა უფლებები, რაც საბაზისო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთი და იმავე სექსის ადამიანებისთვის", - ამბობს თაბაგარი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირობებში არ აქვს იმედი, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, კამპანია მხოლოდ ვიდეოებით არ შემოიფარგლება - თანასწორობის მოძრაობა გეგმავს, სამოქალაქო პარტნიორობის საკითხის კანონმდებლობაში ასახვის თაობაზე პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართოს. 

კომენტარები