ფსიქოლოგია

კვლევის თანახმად, მოზარდი გოგოებისთვის სოციალური მედიის გამოყენება საზიანოა

Getty Images

BMC Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სოციალური მედიის გამოყენებას, მოზარდ გოგოებზე და ბიჭებზე, შესაძლოა, სხვადასხვანაირი გავლენა ჰქონდეს.

University of Essex-ის და UCL-ის მეცნიერებმა ადრეულ ასაკში (10 წელი)  სოციალურ მედიაში გატარებულ დროსა და მოგვიანებით (10-15 წელი) შემცირებულ კეთილდღეობას შორის ასოციაცია შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სოციალური მედიას გოგოებზე განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა აქვს.

"ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია მოზარდების, განსაკუთრებით გოგოების სოციალურ ქსელებთან ურთიერთობაზე დაკვირვება, რადგან სოციალურმა მედიამ, შესაძლოა, მათზე ხანგრძლივი უარყოფითი გავლენა იქონიოს" - ამბობს კვლევის თანაავტორი, დოქტორი კარა ბუკერი.

ავტორებმა დაადგინეს, რომ მოზარდი გოგოები სოციალურ მედიას ბიჭებზე მეტად იყენებენ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალური ქსელების გამოყენება ორივე სქესში ასაკთან ერთად მატულობს.

აღსანიშნავია, რომ "კეთილდღეობის მაჩვენებელი", ასაკთან ერთად, ბიჭებშიც ეცემა. თუმცა, მეცნიერებმა ამ შედეგის სოციალური მედიის მოხმარებასთან დაკავშირება ვერ შეძლეს. ისინი ამბობენ, რომ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მაჩვენებლის დაცემა ახსნას. მათ შორის, ბიჭების მომატებული ჩართულობა კომპიუტერულ თამაშებში.

მეცნიერებმა კვლევაში 9,859 ბრიტანელი მოზარდის მონაცემები გამოიყენეს. მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიხმარენ სოციალურ მედიას ტიპიური სასწავლო დღის განმავლობაში. მოზარდების "კეთილდღეობა" მკვლევარებმა ორ მაჩვენებელზე დაყრდნობით შეაფასეს:

  • ბედნიერების მაჩვენებელი - მოზარდებმა უპასუხეს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ბედნიერები არიან საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტით, როგორიცაა ოჯახი და სკოლა.
  • ძლიერი და სუსტი მხარეების კითხვარი (SDQ) - კითხვარი ყურადღებას ამახვილებს ემოციურ და ქცევით პრობლემებზე.

 

ავტორები გვაფრთხილებენ, რომ რადგან კვლევაში თვითდაკვირვების მეთოდია გამოყენებული და სოციალური მედიის მოხმარება მხოლოდ სკოლის დღეებშია შესწავლილი, მისი უარყოფითი ეფექტი, შესაძლოა, არ იყოს სათანადოდ შეფასებული.

 

კომენტარები