ძალადობრივი ჯგუფის, ე.წ ქართული მარშის წევრი, სანდრო ბრეგაძე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.
"პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია "ქართული მარშის" ლიდერი - სანდრო ბრეგაძე !!!
ამ წამს "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ პირველი არხის შენობის გვერდზე პოლიციოს განყოფილებასთან !!!! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ !!!!", - აცხადებს ე.წ ქართული მარში და პოლიციელების დანაშაულის მტკიცებულებად ამ ფოტოს ავრცელებს:
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
"ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე. შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით, ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.
სანდრო ბრეგაძე ქართული მარშის სხვა წევრებთან ერთად გუშინ დააკავა. მიზეზი რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტი გახდა - ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-ის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემეს ჟურნალისტი დავით ერაძეც.
ერთ-ერთ მათგანს, ლადო სადღობელაშვილს რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 2-დან 5 წლამდე პატიმრობაც ემუქრება. ჯგუფის სხვა წევრების დაკითხვა გრძელდება.