ევროპული საქართველო: ვაიძულოთ ხელისუფლება აღმოფხვრას ქალებზე ძალადობა

საპარლამენტო უმცირესობა, ევროპული საქართველო ზვიად დევდარიანის მიერ 10-მდე ქალის სავარაუდო შევიწროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ქალების შევიწროებისა და მათზე ძალადობის შემაშფოთებელი ისტორიები. პირველ რიგში, იმ ქალებს ვეხმიანებით, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს და შევიწროების საკუთარი გამოცდილებები გაახმიანეს. მათი სიმტკიცე დასაფასებელია, ხოლო მაგალითი მისაბაძი.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ და საჯარო დებატში ნაკლებადაა განხილული ის პრობლემები, რომლის წინაშეც ქალები დგანან. ქალები არ არიან პოლიტიკაში საკმარისად წარმოდგენილები. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა პარტიული დემოკრატიისა და კონკურენციის განვითარება, რომელიც მხოლოდ მერიტოკრატიაზე იქნება დაფუძნებული, ამ მიმართულებით ყველაზე მეტ და ძირეულ ცვლილებას მოიტანს.

სახელმწიფო ქალებს ხშირად დაუცველსა და მარტოს ტოვებს მოძალადის პირისპირ. ამაზე ოჯახური ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკაც მეტყველებს. პოლიციელებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა პირნათლად უნდა დაიწყონ საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო სახელმწიფოს პრიორიტეტი ძალადობის აღმოფხვრა უნდა გახდეს. ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან კანონი ეფექტურ ინსტრუმენტს იძლევა მოძალადის დასასჯელად.

ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ დასახვეწია კანონმდებლობაც, რათა მოძალადეს ხელიდან გამოეცალოს ის ბერკეტები, რითაც შეიძლება პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან.

ჩვენ მზად ვართ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად," - წერია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანს 10-მდე ქალის შევიწროებაში ადანაშაულებს. მოგვიანებით, მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. ტაბულასთან საუბრისას დევდარიანს შევიწროებაში 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს. 

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახალა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

წაიკითხეთ ტაბულას სტატია: სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე

კომენტარები