ფსიქიკური ჯანმრთელობა

პრემიერი სურამის ფსიქიატრიულზე: საგანგაშოა, განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა.

"სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მიესალმა ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებას და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნას, რომელიც დაწესებულებას დროებით მართავს.

"მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არიან განთავსებულები, თუმცა გაუსაძლისი პირობებია.

დაწესებულება 5 მარტს სახალხო დამცველმაც მოინახულა და იქ არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ეს პირობები პაციენტებს გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. 

სახალხო დამცველის შეფასებით, "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს" მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

"სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა", - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის აპარატი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

კომენტარები