საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომ უწყება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მერიის მიერ მიწის გადაცემის საკითხს სწავლობს. საუბარია მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, რომლის პირობები ისე იყო შედგენილი, რომ მისი ერთადერთი შესაძლო გამარჯვებული ოთარ ფარცხალაძის კომპანია ყოფილიყო - ეს კი დარღვევას წარმოადგენს. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 23 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 182-ე მუხლებით დაიწყო.
"გამოძიების ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციაში მითითებული საკითხების, კერძოდ: 2016 წლის 15 აპრილს, შპს ,"ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამჟამად ნაკვეთზე გადის მუნიციპალური გზა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული ორი მიწის ნაკვეთის, გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და 2016 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის“ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების კანონიერების შესწავლა", - წერია განცხადებაში.
ფარცხალაძის კორპუსები და საქმის დეტალები

ფოტო: BSR - CDG Development
სამშენებლო კომპანია “ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი” ოთარ ფარცხალაძემ 2016 წელს შეიძინა. დღეს ეს კომპანია თბილისის ცენტრში, ნუცუბიძის პლატოზე ოთხ 20-სართულიან კორპუსს აშენებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული კომპანია 2007 წელს დაფუძნდა და ის თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 2302 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2012 წელს თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. გზას კომპანიის მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რის გამოც 2012 წელს სახელმწიფომ “ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის” მიწის ნაკვეთის ექსპროპრეაცია მოახდინა, თუმცა კომპანიას მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურა. ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ “ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი” მერიისგან ზარალის ფულად ანაზღაურებას ჯერ კიდევ 2012 წლიდან ითხოვდა.
“ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტს” ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი 100%-იანი წლის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მთავარი პროკურორი გახდა. ზარალის ანაზღაურების სახით, 2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ კომპანიას თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 6708 კვარდატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადასცა.
2016 წლის 31 აგვისტოს მერიამ ფარცხალაძის კომპანიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთის პრივატიზაციისთვის გამოაცხადა საჯარო აუქციონი. აუქციონის მოთხოვნებში ჩადებული იყო პირობა, რომლითაც მის შემძენს ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გაერთიანება ევალებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელი ოთარ ფარცხალაძის კომპანია იყო, ერთადერთი პირი, ვისაც აუქციონის პირობების შესრულება შეეძლო სწორედ ოთარ ფარცხალაძე იყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს, რადგანაც საჯარო აუქციონში არ შეიძლება ისეთი პირობების მითითება, რომ მისი შესაძლო გამარჯვებული იყოს მხოლოდ ერთი პირი.
ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო, იქამდე ის საქართველოს ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობდა. დღეს ფარცხალაძე ბიზნესმენია, ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში და ამავდროულად არის ნავთობკომპანია "ლუკოილის" ქართული წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე.





