NGO-ები: დაიწყოს გამოძიება ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების გადაცემის ფაქტებზე

ოთარ ფარცხალაძე

საქართველოში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს, აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების გადაცემის ფაქტზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც მათივე განცხადებით, შესაძლოა, BSR - CDG Development-თან გარკვეული კორუფციული გარიგებების შედეგებიც ყოფილიყო. 

"ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება,"- წერია განცხადებაში. 

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, რომ უწყებამ საზოგადოებას მიაწოდოს ოთარ ფარცხალაძის მიერ ლაშა თორდიას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიების დეტალები. 

მოწოდებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

2017 წლის 22 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. 

ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იქამდე სანამ მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 3.2 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ამ ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა. აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინ მერიამ კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურა. კომპანიას ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა. 

"მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები."

ვრცლად დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ - აუდიტის ანგარიში: აუცქიონი ჩატარდა ისე, რომ გამარჯვებული ფარცხალაძე ყოფილიყო

კომენტარები