მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სირიაში მხოლოდ საჰაერო დარტყმების განხორციელებას, სამხედრო ბაზის ქონას, სირიის ძალების წვრთნას და შეზღუდული რაოდეონობით სპეცრაზმის ყოლას აღიარებს, სხვადასხვა წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად დაქირავებულ რაზმებს იყენებს და ისინი მისიებს და ბრძანებებს რუსეთის სამხედრო ძალებისაგან იღებენ. ერთ-ერთი მსგავსი კერძო სამხედრო კომპანიაა “Wagner Group” რომელიც ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში მომხდარი შეტაკებებისას მოექცა.
7 თებერვალს სირიაში, დირ ეზ-ზურის პროვინციაში აშშ-ის კოალიციასა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის შეტაკების შედეგად, გავრცელებული ცნობით, ასადის ძალების მხარეს მებრძოლი დაქირავებული რუსი მეომრები დაღუპნენ. 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა განაცხადა, რომ კოალიციის ძალები თავს იცავდნენ, და მათი ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე რუსული ძალები არ იმყოფებოდნენ. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ იქ რუსეთის ძალები არ იყვნენ, ხოლო დაქირავებულ სამხედროებზე კრემლს ინფორმაცია არ ჰქონდა.
რუსული მხარე მხოლოდ 5 რუსი მებრძოლის დაღუპვას ადასტურებს, რომელთაც, მათი თქმით რუსულ სამხედრო ძალებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. Reuters-ი რუს სამხედრო ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულ რუს მებრძოლთა რიცხვი 100-მდე აღწევს და ჯამში 300-მდე რუსი მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა. ეს სირიაში რუსი დაქირავებული სამხედროების დაღუპვის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა (რამდენიმე დღის შემდეგ იმავე პროვინციაში იარაღის საწყობის აფეთქებას 15-მდე დაქირავებული რუსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა).
რუსი დაქირავებული მებრძოლები რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან, რაც აჩენს კითხვას, თუ რამხელაა ამაში მოსკოვის როლი, ვინაიდან კრემლი კერძო სამხედრო კომპანიების და სირიაში მათი ოპერაციების შესახებ რაიმე ინფორმაციის ქონას უარყოფს, თუმცა მათ მებრძოლებს ორდენებით აჯილდოვებს, ისინი რუსული სამხედრო ძალების ტრანსპორტით და დაწესებულებებით (საწვრთნელი ბაზები, სამხედრო საავადმყოფოები) სარგებლობენ და ამავე დროს ამ ჯგუფების არსებობას რუსეთის კანონები კრძალავს.
Slavonic Corps
სანქტ-პეტერბურგის გაზეთმა Fontanka-მ 2013 წელს ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა კერძო სამხედრო კომპანიის, Slavonic Corps-ის სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. გამოძიებიდან გაირკვა, რომ კომპანია სარეკლამო ბანერებს სხვადასხვა, თემატურ ვებ-გვერდებზე ავრცელებდა და სამხედრო სამსახურის გამოცდილების მქონე პირებს ქირაობდა. როგორც მათ უხსნიდნენ კომპანიის ოპერაციები როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, ასევე სირიის მთავრობასთან შეთანხმებული იყო და ძირითადად მნიშვნელოვანი პუნქტების დაცვას ემსახურებოდა. 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიამ 267 დაქირავებული რუსი მებრძოლი სირიის დირ ეზ-ზურის პროვინციაში გაგზავნა.
როგორც რამდენიმე დაბრუნებული მებრძოლის მიერ გაზეთისათვის მიცემული ინტერვიუდან ჩანს, რომ მათ კონტრაქტის გაცნობის საშუალება არ მიეცათ, მასზე ხელი სახელდახელოდ მოაწერინეს და უთხრეს, რომ მათ მისიას ნავთობის საბადოს დაცვა წარმოადგენდა. სირიაში ჩასვლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ მათი დამსაქმებლები კერძო პირები იყვნენ და შეპირებული სამხედრო ტექნიკის ნაცვლად მოძველებული იარაღი და ჯავშან ტრანსპორტი მისცეს.
მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ნავთობის საბადო, რომლის დასაცავადაც ჩავიდნენ ჯერ ჯიჰადისტებისაგან უნდა გაეთავისუფლებინათ. პირველივე შეტაკებისას რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა მძიმე დარტყმა მიიღეს და უკან დაიხიეს. ჩაშლილი მისიიდან რუსეთში დაბრუნებულებმა კი აღმოაჩინეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მათი მისიის შესახებ ინფორმაციის ფლობა უარყვეს და ოპერაციის ხელმძღვანელები დააკავეს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სირიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები დახოცეს, რომლებიც ჩინური უსაფრთხოების კომპანიის კონტრაქტორისათვის მუშაობდნენ. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ჰომსთან დაქირავებული მებრძოლების დახოცვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მძევლად აყვანილი მებრძოლების ვიდეოც გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა Slavonic Corps-ი ჰონგ-კონგშია დარეგისტრირებული და სავარაუდოდ კავშირის აქვს Moran Security-სთან, საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც უსაფრთხოების, ტრანსპორტირების, სამედიცინო, სამაშველო და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს. მისი მოსკოვის სათაო ოფისი ბელიზზე და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე ფლობს ოფშორებს. სავარაუდოდ სწორედ ამ კომპანიამ დაიქირავა Slavonic Corps. სირიაში ასადის რეჟიმის ძალებთან ერთად მისიებში მონაწილეობისათვის, თუმცა ჟურნალისტებთან მსგავს ფაქტს უარყოფს.
Fontanka-ს მიხედვით კომპანიის ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, პოდპოლკოვნიკი ვიაჩესლავ კალაშნიკოვია. შესაბამისად, გაზეთი ამტკიცებს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებმა Moran Security-ს მიერ სირიაში რუსი დაქირავებული სამხედროების გაგზავნის შესახებ იცოდნენ.
Wagner Group
2016 წელს Fontanka-მ ამჯერად მეორე კერძო სამხედრო კომპანიაზე, Wagner Group-ზე ჩაატარა გამოძიება. როგორც აღმოცნდა ჯგუფი Slavonic Corps-ის ყოფილი წევრებით დაკომპლექტდა და მისი ლიდერი, დმიტრი უტკინი Slavonic Corps-ის ზემოთხსენებულ მისიაშიც მონაწილეობდა. “ვაგნერი” თავად უტკინის ფსევდონიმი იყო რომელიც, გავრცელებული ცნობით, ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის გამო აიღო და შემდგომ თავის კომპანიასაც დაარქვა.
47 წლის ყოფილი პოდპოლკოვნიკი უტკინი რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა. ამის შემდეგ უტკინი Moran Security-ში წავიდა სამუშაოდ და 2013 წლის შემოდგომაზე Slavonic Corps-ის ზემოთხსენებულ მისიაშიც მონაწილეობდა. 2014 წლიდან ის უკრაინის ლუგანსკის რეგიონში იმყოფებოდა და მისი დაღუპვის შესახებ ცნობებიც გავრცელდა, თუმცა მას შემდეგ ის როგორ “ვაგნერის” ლიდერი ხელახლა გამოჩნდა, ამჯერად კრასნოდარის მხარეში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე (აღსანიშნავია, რომ აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათებრიგადის მთავარი ბაზაც) და შემდეგ უკვე კრემლშიც და პუტინთან ერთად სურათებშიც ამოიცნეს.
გავრცელებული ცნობით, უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან” ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელმაც მეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობის გამო დაიმსახურა. პრიგოჟინი “ვაგნერის” მთავარ დამფუძნებლადაც მიიჩნევა თუმცა, თავად კომპანიასთან კავშირს უარყოფს.
2016 წელს კრემლში გამართულ მიღებაზე უტკინი Fontanka-ს ჟურნალისტმა, დენის კოროტკოვმა სხვა სტუმრებს შორის ამოიცნო. კრემლის სპიკერმა, დმინტი პესკოვმა დაადასტურა, რომ უტკინი ნამდვილად იმყოფებოდა მიღებაზე და მამაცობისათვის ჯილდოც მიიღო.
გავრცელდა ფოტოც, სადაც ვლადიმირ პუტინი და დმიტრი უტკინი ალექსანდერ კუზნეცოვთან, ანდრეი ბოგატოვთან და ანდრეი ტროშევთან ერთად არიან. კუზნეცოვი და ბოგატოვი “ვაგნერის” დანაყოფების ხელმძღვანელები არიან. კუზნეცოვი წარსულში გატაცების და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. ანდრეი ტროშევი “ვაგნერის” აღმასრულებელი დირექტორია. ის ავღანეთში საბჭოთა კავშირის სამხედრო ოპერაციებშიც მონაწილეობდა და სამხედრო სამსახური 2014 წელს დატოვა. Fontanka-ს მიხედვით მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს პალმირას აღების ოპერაციაში მონაწილეობისათვის. გავრცელებული ცნობით მსგავსი წოდება ბოგატოვსაც აქვს, ხოლო კუზნეცოვს და უტკინს მამაცობისათვის ჯილდო 4-ჯერ აქვთ აღებული.
სირიის გარდა Wagner-ის მებრძოლები უკრაინაში სეპარატისტების მხარესაც იბრძოდნენ. “ვაგნერი” და უტკინი აშშ-ის სახაზინო დეპატრამენტმა უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო სანქციების სიაშიც შეიყვანა. სანქციების სიაში არის ევგენი პრიგოჟინიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბიზნეს კავშირების გამო.
“ვაგნერი” სირიაში 2015 წლისთვის დაბრუნდა და პეტერბურგში მებრძოლების დაქირავება რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო დარტყმების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ცნობით “ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ასადის ძალების მიერ ქალაქ პალმირას აღებაში დიდი როლი ითამაშეს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ზოგიერთმა მათგანმა ამისათვის ჯილდოებიც მიიღო.
“ვაგნერის” მებრძოლები სირიაში პირველად პროექტ Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსმა, რუსლან ლევიევმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო. ვიდეოში ჩანს ორი რუსი მამაკაცი, ნაცრისფერ ფორმებში. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ არის 1979 წელს დაბადებული რომან სერგეევიჩ ზაბოლოტნი, ხოლო მეორე 1978 წელს დაბადებული გრიგორი ცურკანუ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ ისინი რუსი ჯარისკაცები იყვნენ. რადიო “სვაბოდასთან” ინტერვიუში ცურკანუს ძმამ თქვა, რომ მისი ძმა “ვაგნერის” მებრძოლი იყო და მძევლად დირ ეზ-ზურის პროვინციაში აიყვანეს.
ლევიევი ასევე ამბობს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ სურათებში, რომლებზეც დაღუპული რუსი დაქირავებული სამხედროები არიან ასახული ჩანს, რომ მათ GRU-ს სპეციალური დანაყოფების იარაღი აქვთ. გარდა ამისა გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ისინი თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებით გადაადგილდებიან, რის მიხედვითაც ლევიევი ასკვნის, რომ “ვაგნერი” დახმარებას იღებს რუსეთის დაზვერვის, თავდაცვის სამინისტროს და მთავრობისაგან.
უკრაინიდან და სირიიდან დაბრუნებული “ვაგნერის” მებრძოლები ანონიმურ ინტერვიუებში ამბობენ, რომ მათ რიგებში დიდი მსვერპლი მეორე მსოფილო ომის დროინდელი ტაქტიკების ბრალია და მათ ხანმოკლე წვრთნის შემდეგ პირდაპირ ბრძოლის წინა ხაზზე ტყვიების წვიმაში უშვებენ. მათი თქმით სირიაში შეტაკებებისას პირველი ტალღა ისინი არიან და ასადის ძალები მათ უკან მიჰყვებიან. “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები თვეში 240,000 რუბლს (დაახლოებით 3,500 აშშ დოლარს იღებენ) და Fontanka-ს კითხვაზე, თუ რატომ თანხმდებიან მსგავს პირობებში ცხელ წერტილებში წასვლას შემდეგნაირად პასუხობენ:
“პეტერბურგის გარეთ ბოლოს როდის იმოგზაურეთ? მოსკოვის და პეტერბურგის გარეთ არსად სამსახური არაა. თუ გაგიმართლებს - 15-20 ათასი რუბლი (260-350 აშშ დოლარი) თვეში კარგ ხელფასად ითვლება, მაგრამ საკვების ფასები ისეთია, თითქოს ანტარქტიდა იყოს. მოლკინოში რიგებია”
The Turan Group
ამ დროისათვის ყველაზე ნაკლები Turan Group-ზეა ცნობილი. სახელი “თურანი” ანუ “თურქების მიწა” ცენტრალურ აზიაზე მიუთითებს. თავად ჯგუფი სირიაში მოქმედებს და პირველად მედიის ყურადღების ცენტრში გასული წლის აპრილში ჰამის მუჰაფაზაში და დირ ეზ-ზურის პროვინციაში ბაშარ ალ-ასადის ძალებთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობისას მოხვდა. ნოემბერში ესტონეთში დაბადებულმა, ეროვნებით რუსმა მებრძოლმა კომპანიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას 8 თვე ბრძოლის სანაცვლოდ 15,000 აშშ დოლარი შესთავაზეს და სირიაში ბეირუთიდან ჩაიყვანეს.
ეს ჯგუფი Slavonic Corps-ის და Wagner Group-ისაგან იმით განსხვავდება, რომ თუ იქ მებრძოლების უმეტესობა ეროვნებით რუსი ან უკრაინელია, “თურანის” შემთხვევაში დაქირავებული მებრძოლები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან. ზოგიერთი მათგანი შიიტია, რაც საშუალებას აძლევთ უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ სირიის მთავრობის ძალებთან.
კანონი
საერთაშორისო კანონების მიხედვით კერძო სამხედრო კომპანიებს რეგულარული სამხედრო შენაერთების მსგავსად სამხედრო შეტაკებებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ და მათი ფუნქციები თავდაცვის, ობიექტის, კონკრეტული პირების თუ მათი საკუთრების დაცვის ოპერაციებით შემოიფარგლება. 2001 წელს გაეროში ძალაში შევიდა კონვენცია დაქირავებული მებრძოლების აყვანის, გამოყენების, დაფინანსების და წვრთნის წინააღმდეგ, რომელზეც 35 ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი (მათ შორის საქართველოს და უკრაინას), თუმცა ხელმომწერებს შორის არ არიან: რუსეთი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი და ა.შ.
რუსეთი არ მონაწილეობს მონტრეს პროცესშიც რომლის მიზანს კონფლიქტის ზონებში კერძო სამხედრო კომპანიების რეგულაციის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს და რომელშიც 17 ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია და უკრაინა მონაწილეობენ.
“რუსეთის კანონები კრძალავს კერძო სამხედრო კომპანიის შემქნას ან საზღვარგარეთ არსებულის გამოყენებას. რუსეთი არ მონაწილეობს მონტრეს პროცესში, რადგან ჩვენ იშვიათად ვიყენებთ მსგავს კომპანიებს, ხოლოდ პროცესში მონაწილეობენ ის ქვეყნები, ვინც იყენებენ მას, თუმცა ჩვენ დაინტერესებულები ვართ საერთაშორისო რეგულაციებით ამ საკითხზე. ასეთი კომპანიები საზოგადოების ყურადღბას კანონის დარღვევით იპყრობენ და მათი სტატუსის თაობაზე ბევრი კითხვაა, თუმცა მონტრეს დოკუმენტი არ წყვეტს პრობლემას. სასურველი ფორმა საერთაშორისო შეთანხმება იქნებოდა.” თქვა მარია ზაბოლოცკაიამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 2016 წელს მოსკოვში კერძო სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე.
ამავე შეხვედრაზე რუსეთის შეიარაღბული ძალების წარმომადგენელმა, სერგეი ბელოკინმა განაცხადა, რომ ჯერ საჭიროა საერთაშორისო ლეგალური ინსტრუმენტების შემუშავება და შემდგომ, თუ საჭირო გახდება, რუსული კანონმდებლობის მასთან თანმხმობაში მოყვანა.
კერძო კომპანია თუ კრემლის აგენტი
ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, რომ შეუძლებელია კრემლმა არ იცოდეს იმ სამხედრო კომპანიების არსებობის შესახებ, რომლებიც მისი სპეცრაზმის ბაზასთან გადიან წვრთნებს, რუსეთის არმიის ტრანსპორტით, საავადმყოფოებით და იარაღით სარგებლობენ და რომელის ლიდერებსაც კრემლში სამხედრო ჯილდოებს გადასცემენ. რუსეთის მხრიდან ამ კომპანიების არსებობის უარყოფა და მათი ლეგალიზების თაობაზე კანონის შეფერხება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამგვარად ისინი ერთის მხრივ კომპანიის მისიის წარუმატებლობის (ან აშშ-ის ძალებთან დაპირისპირების) შემთხვევაში პასუხისმგელობას თავს არიდებენ, და მეორეს მხრივ, უკეთ აკონტროლებენ კომპანიებს და კანონის მოშველიებით აპატიმრებენ მათ ლიდერებს საჭიროების შემთხვევაში.
ამგვარად რუსეთი ერთდროულად სირიაში ყოფნას და საბრძოლო ქმედებებში აქტიურ ჩართულობას უარყოფს და თან მის მოკავშირე ასადის რეჟიმს ამ სამხედრო კომპანიების მეშვეობით ეხმარება.