ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას ამბობს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მისი პარტია მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროდასავლურ კანდიდატს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური ატმოსფერო იქნება. ამის შესახებ ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" ისაუბრა.
"ჩვენ უნდა ავიღოთ რეალისტური ამოცანა. პირველი რეალისტური ამოცანა ისაა, რომ მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებზე და მიუხედავად იმისა, რა ტიპის ატმოსფეროა, ხიდები არ უნდა იყოს დამწვარი, რათა მეორე ტურში შესაძლებელი იყოს ჩვენი ამომრჩევლისთვის იმის მოწოდება, რომ მხარი დაუჭირონ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს. ერთია, რომ არჩევნების წინ თქვა, მოდი, ამას დაუჭირე მხარი, მაგრამ თუკი იქამდე ერთმანეთის დემორალიზება მოხდება, მერე ამომრჩევლის ნაწილს შეიძლება, აღარ მოუნდეს ამის გაკეთება,"- ამბობს ბოკერია.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის მხარდაჭერას, რომ პირველ ტურშივე ჰყავდეს ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი, ბოკერია პასუხობს, რომ არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ "რელისტურები უნდა ვიყოთ".
იმაზე საუბრისას, თუ რამდენად რეალისტურია საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური, ბოკერიას მაგალითად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოჰყავს.
"რომ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ჩემი სურვილებით ვსაუბრობ, შევხედოთ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ცენტრალურ უბნებში. იყო ან ძალიან ახლოს მეორე ტურთან ან პირდაპირ მეორე ტური. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან დაუშვეს სერიოზული შეცდომა - იქ, სადაც იყო მეორე ტური, ქუთაისში, და გადაწყვიტეს, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საჯაროდაც, არასაჯაროდაც და შინაარსობრივადაც და ყველანაირად, მზად ვიყავით, მათთვის მხარი დაგვეჭირა,"- ამბობს ბოკერია.
მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის ნოემბერში ეწურება. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი, იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტს, არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ტურში ვერ მოხვდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, ევროპული საქართველო მას მხარდაჭერას გამოუცხადებს.
ევროპული საქართველო
მეორე ტურში ხიდები დამწვარი არ უნდა იყოს - ბოკერია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე

გიგა ბოკერია გადაცემაში "კვირის ინტერვიუ"
საზოგადოებრივი მაუწყებელი




