ისრაელი-სირია

თვითმფრინავის ჩამოგდების საპასუხოდ ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმა გააძლიერა

AFP

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ისრაელმა სირიაში საჰაერო დარტყმები გააძლიერა. საჰაერო თავდასხმა ირანულ სამიზნეებზე განხორციელდა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით მისი ქვეყანა თავს დაიცავს ნებისმიერი თავდასხმისაგან.

"ირანი არღვევს ისრაელის სუვერენიტეტს. მათ გამოუშვეს ირანული დრონი სირიის ტერიტორიიდან. ისრაელი ირანს და მის სირიელ მოკავშირეებს პასუხს მოსთხოვს." თქვა მან.

ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელი ირანს სირიაში პოზიციების გამყარების საშუალებას არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის მიერ სირიაში ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის F-16 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ისრაელის ჩრდილოეთით მშვიდობიანად დაეშვნენ. ერთ-ერთი პილოტი დაშვებისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირიის კონფლიქტის მანძილზე ეს ისრაელის თვითმფრინავის ჩამოგდების პირველი შემთხვევაა.

ისრაელის საჰაერო თავდასხმა მის ტერიტორიაზე სირიიდან ირანული უპილოტო დრონის შესვლას მოჰყვა.

ირანი ბრალდებებს უარყოფს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას და სიტუაციის დაძაბვა ირანის ქმედებებმა გამოიწვია.

ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სიტუაციის განმუხტვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა მხარეებს გაეროს გენერალურმა მდივანმაც და კონფლიქტის სირიის საზღვრებს გარეთ გავრცელების საშიშროებაზე მიუთითა.

კომენტარები