საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ვისაც წაუკითხავს აღმაშენებლის საქმიანობა, ის უცხოელებს არ გაყრის

როდესაც მე ვამბობ, რომ ქართველობა ნიშნავს მიმღებლობას ყველა ეთნიკური ჯგუფისა, რომ ქართველები სწორედ დავით აღმაშენებლის დროს ვიყავით ძლიერები, ვინაიდან ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვაერთიანებდით, რომ ქართველობა სხვისი თავისუფლების პატივისცემაა - ეს სიტყვები გასაგები, მისაღები და გააზრებადი არის მარტო იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც მიიღო განათლება, თორემ ზუსტად ასე შეიძლება გამოვარდეს ვიღაც და თქვას - "აბა, დალეწეთ სხვა ერის წარმომადგენლები", "საქართველო ქართველებისთვის", "ქალი დაჩაგრული უნდა იყოს" და ა.შ.

რით განსხვავდება ჩემი საუბარი იმ პოლიტიკოსის საუბრისგან? განსხვავდება იმით, რომ როდესაც ამას ვამბობ, მე ვემყარები ჩემს წარსულს, ისტორიის ცოდნას. ვინმეს თუ წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად აღარ მოუვა მერე, რომ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს ქვეყნიდან გასაყრელად; ვინმეს თუ წაუკითხავს თუნდაც ჩვენი ეკლესიის ისტორია, თავში არ მოუვა, ვიღაცას ჩაარტყას, რადგან მისი რელიგია არ მოსწონს. იმიტომ, რომ იმ ადამიანს აქვს განათლება ჩვენი წარსულის, წაუკითხავს "ვეფხისტყაოსანი“, წაუკითხავს ვაჟა-ფშაველა და იცის, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა და ტრადიციის პატივისცემა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, სტრატეგიულ დისკუსიაზე - "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა".

კომენტარები