რადიო თავისუფლება

დავით კაკაბაძე: მენეჯმენტი რადიო თავისუფლებას ავტორიტარული მეთოდებით მართავს

ნეტგაზეთი

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ავტორიტარული მეთოდებით მართვაში ადანაშაულებს. ეს მან მან იმედის კვირას უთხრა. 

"პუტინს რომ გაეკეთებინა, თვითონ რომ ეკითხათ მისთვის, რა იქნებოდა კარგი ამ რადიოს გასანადგურებლად, დასანგრევად, ის რასაც გააკეთებდა, მგონია, რომ დღევანდელი ხელმძღვანელები ამას აკეთებენ ნებით თუ უნებლიეთ. შეიძლება გადაჭარბებული მოგეჩვენოთ ეს, მაგრამ ავტორიტარული მეთოდებით მართავს რადიოს", - ამბობს დავით კაკაბაძე. 

კაკაბაძე თავისუფლების ქართული ბიუროს დირექტორის პოსტიდან 30 იანვარს გაათავისუფლეს. მიზეზად სწორედ მენეჯმენტთან უთანხმოება დასახელდა. 

რადიო თავისუფლების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი ორი ყოველკვირეული გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს ეთერში განთავსების თაობაზე, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის. როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან", - ნათქვამი იყო განცხადებაში. 

"გვითხრეს, არა, რუსთავი 2-ზე უნდა წახვიდეთო. მე ავუხსენი, რატომ არ შეიძლება რუსთავი 2-ზე წასვლა, წერილობითაც, სიტყვიერადაც, მაგრამ არ შეისმინეს ჩემი არც ერთი არგუმენტი. მაშინ ვუთხარი, რომ თუ ჩემი არ გჯერათ, დაელაპარაკეთ ჩვენს ნებისმიერ კოლეგას. მართლაც დაელაპარაკნენ რამდენიმეს, გოგისაც [გვახარია] ელაპარაკნენ, სალომეს [ასათიანი] პოზიცია ასევე გაიგეს", - ამბობს კაკაბაძე ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.  

რადიო თავისუფლების ამ განცხადებას და განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა BBG Watch-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას აიძულებდა. 

კომენტარები