რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების პროექტმა, Эхо Кавказа-მ მუშაობა შეწყვიტა

RFE/RL

რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროექტმა, Эхо Кавказа, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისა აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, 1 მაისიდან მუშაობა შეწყვიტა.

RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის საჭიროებით ახსნა.

"ეს ზომები მიიღება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს RFE/RL-ის პოზიცია, როგორც გავლენიანი, აქტუალური და ფინანსურად პასუხისმგებლობიანი ორგანიზაცია... რესტრუქტურიზაციის პროცესში ვემშვიდობებით ზოგიერთ მართლაც ძალიან ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც საკუთარი თავი RFE/RL-ის მისიას დიდი ხნის განმავლობაში მიუძღვნეს". -თქვა კაპუსმა. 

Эхо Кавказа-ს განცხადების მიხედვით, RFE/RL-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "ქართული განყოფილება ქართულ ენაზე მუშაობას განაგრძობს; რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ამ ოკუპირებულ რეგიონებში მნიშვნელოვან მოვლენებს პროგრამების ახალი განყოფილება გააშუქებს". 

პროექტი Эхо Кавказа 2009 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა - გამოცემა საქართველოს მოვლენებს აშუქებდა და ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. 

2022 წელს რუსეთის ტერიტორიაზე გამოცემის ვებგვერდზე წვდომა შეიზღუდა. რუსეთში RFE/RL-ის "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადების შემდეგ გამოცემას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წყაროებთან კონტაქტი მხოლოდ ანონიმურ ფორმატში გახდა შესაძლებელი.

"კორესპონდენტთა და რესპონდენტთა ცოცხალი ხმების დაკარგვის გამო იძულებულები ვიყავით, რადიომაუწყებლობა შეგვეწყვიტა, რომელიც მანამდე 15 წლის განმავლობაში ერთი დღითაც კი არ შეჩერებულა. 

თუმცა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ჩვენი მუშაობა, ვეძებდით ინფორმაციის ახალ წყაროებს და აუდიტორიასთან ჩართულობის ახალ ფორმებს ვქმნიდით". - წერია გამოცემის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ Эхо Кавказа-ს ვებგვერდი აღარ განახლდება, თუმცა არქივის სახით შენარჩუნდება.

კომენტარები