ნასკას ხაზები

პერუში ნასკას ცნობილ ხაზებს სატვირთო მანქანამ გადაუარა

CNN

პერუში ცნობილ ნასკას ხაზებს სატვირთო ავტომობილმა გადაუარა.

სატვირთოს მძღოლმა, 40 წლის ხესუს ფლორეს ვიგომ გამაფრთხილებელ ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული სამი უძველესი ნახატი დააზიანა.

ფლორეს ვიგო გაათავისუფლეს, რადგან, მოსამართლის თქმით, საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მან ნახატები განზრახ დააზიანა. ოფიციალური პირების თქმით ნახატების მიმდებარედ მეთვალყურეობას გაზრდიან, თუმცა მასშტაბიდან გამომდინარე მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება რთული იქნება.

ეს ნასკას ხაზების დაზიანების პირველი შემთხვევა არაა. 2014 წელს Greenpeace-ის აქტივისტებმა კოლიბრის ცნობილ ნახატთან ნაფეხურები დატოვეს.

ნასკას ნახატები პერუს დედაქალაქ ლიმადან სამხრეთით 400 კილომეტრში მდებარეობს და ჯამში 450 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ნახატები დაახლოებით 2,000 წლის წინანდელია და ფრინველების, მცენარეების და სხვა ფიგურების ფორმა აქვს. მათი დანიშნულება ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები