მირანდა ფაღავა

მირანდა ფაღავა თავდასხმის საქმის არაადამიანური მოპყრობის მუხლით გამოძიებას ითხოვს

fb.com

თანასწორობის მოძრაობა ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას ცემის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, ორგანიზაცია კი თვლის, რომ ფაღავას მიმართ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ძალადობას არ მოიცავს, ვინაიდან მას სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, ასევე მას არაადამიანურად და დამამცირებლად მოეპყრნენ.

თანასწორობის მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 144/3, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა გაგრძელდეს. 

ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას თავს 28 იანვარს, გამთენიისას დაესხნენ. ფაღავა ყვება, რომ ტაქსიდან გადმოსულს თავდამსხმელი მარკეტში შეჰყვა, გაყოლა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ქუჩაში გამოყვა, წააქცია და წიხლები, ასევე მარკეტის შესასვლელთან მდგარი რკინის დაფა ურტყა. 

თავდამსხმელი შსს-მ გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს". 

კომენტარები