ბიუჯეტის გამჭვირვალობა

TI: ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსი" წარადგინა, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით, 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს,  მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა. მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებენ. საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 2015 წელს მე-16 ადგილზე იყო. 

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვე გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. 

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი.

„ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  • ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ფასდება, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას ამახვილებს საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 22 ქულა (მსოფლიოში მე-17 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (მე-18 ადგილი).

თუმცა, შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება.

კომენტარები