ჭერის ჩამოშლა მეტროსადგურ ვარკეთილში

ტენდერში გამარჯვებამდე, "ყვარელრემმშენი" შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო

კომპანია "ყვარელრემმშენი", რომელმაც ვარკეთილის მეტრო გაარემონტა, ტენდერში გამარჯვებამდე, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო.

უწყების ვებ-გვერდის მონაცემებით, "ყვარელრემმშენი" შავ სიაში 2015 წლის 25 სექტემბერს მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ერთი წლით ხვდებიან.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულება "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და "ყვარელრემმშენს" შორის კომპანიის შავი სიიდან ამოღების მომენტიდან ორი თვის შემდეგ, 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებაში საბოლოო ცვლილებები 2017 წლის 29 აგვისტოს შევიდა.

დღევანდელი მონაცემებით, კომპანია "ყვარელრემმშენი" შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში აღარ არის.

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი დღეს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია.

ვარკეთილის მეტროში სარემონტო სამუშაოები კომპანია "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა და ეს თბილისის ბიუჯეტს 347 ათას 848 ლარი დაუჯდა. რემონტი 2017 წლის აგვისტოში დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითდაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები