პარლამენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურა საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით ცდილობს, კონსტიტუციური ძალთა ბალანსი შეცვალოს.
"პროკურატურამ ამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ და მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. სამართლებრივი რევიზია ამ გადაწყვეტილების არის სამართლებრივად მცდარი მსჯელობა და ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ 5 იანვარს სცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, "2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“.





