საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, პრეზიდენტის საპარალმენტო მდივანი, ანა დოლიძე დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება ამის შესახებ, დღეს გამოსცა. დოლიძე მოვალეობის შესრულებას 17 იანვრიდან შეუდგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ ”აქილევსის ქუსლად," რომელიც პრობლემად გასდევს, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლებას...დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არა მარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების, ანუ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება. ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე არის გამაგრებულია პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ანა დოლიძე ამტკიცებდა თავის უნარს იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი." - თქვა გიორგი მარგველაშვილმა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. პრეზიდენტის კვოტით არჩეულ არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი, ანა დოლიძე თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.





