შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული მ.კ.-ა, მეორე კი 1968 წელს დაბადებული თ.ზ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, მარუხის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2000 ფუნტი სტერლინგი, 1000 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).
"მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს შსს.





