სექსუალური ძალადობა

შვედეთში, გაუპატიურების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეჭვმიტანილს დაეკისრება 

Johan Nilsson/EPA

შვედეთმა შესაძლოა გაუპატიურების შესახებ კანონი შეცვალოს და მტკიცების ტვირთი არა მომჩივანს, არამედ ეჭვმიტანილს, სავარაუდო თავდამსხმელს დაეკისროს. ასევე, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ადამიანებმა სექსუალური კონტაქტის წინ მკაფიო თანხმობა უნდა გასცენ. 

შვედეთის ვიცე პრემიერი, იზაბელა ლოვინი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მიმდინარე #metoo (#მეც) კამპანიამ, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იყო მიმართული, ახალი კანონმდებლობის საჭიროება აჩვენა.

შვედეთის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანებს გაუპატიურებაში ბრალს მხოლოდ იმ შემთხვევაში სდებენ, თუ მათი მხრიდან მუქარის ან ძალადობის ფაქტი დადასტურდა. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით კი, გაუპატიურება შესაძლოა იმ შემთხვევაშიც დადგინდეს, თუ მომჩივანს სექსუალურ კავშირზე თანხმობა ვერბალურად არ დაუდასტურებია ან სხვა ფორმით ცხადად არ გამოუხატავს სექსუალურ აქტში ჩაბმის სურვილი. 

შვედეთის პრემიერმინისტრი, სტეფან ლოფვნი ამ ინიციატივას ისტორიულ რეფორმას უწოდებს, რომელსაც მისი კოალიცია 2014 წლიდან, მას შემდეგ ამზადებს, რაც ხელისუფლებაში მოვიდა.

კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2018 წლის 1-ლი ივლისიდან შევა. 

კომენტარები