რუსეთი

პესკოვი: რუსეთი შესაძლო ახალი სანქციებისაგან თავდაცვის მექანიზმებზე მუშაობს

telegraph.co.uk

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით რუსეთი მუშაობს თავდაცვის მექანიზმებზე, რათა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ახალი შესაძლო სანქციებისათვის მზად იყოს.

"ჩვენ ვმუშაობთ ზომების მისაღებად, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან შესაძლო ახალი შემზღუდველი ქმედებებისაგან და სანქციებისაგან, რომლებსაც ჩვენ კვლავ არაკანონიერად მივიჩნევთ." თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით ამჟამად ამ ზომების შესახებ კონკრეტული დეტალების გასაჯაროება არ მოხდება.

პესკოვის აშშ-ის ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ის იმპერიალისტურია.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებად განიხილავს.

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმი აღარ არსებობს, ჩვენს ნებას ახალი საფრთხეების სახით ელის გამოცდა. რუსეთი მიმართავს დივერსიულ ზომებს ამერიკის ევროპისადმი ვალდებულების საიმედოობის შესასუსტებლად, ტრანსატლანტიკური ერთობისათვის ძირის გამოსათხრელად და ევროპული ინსტიტუციებისა და მთავრობების შესასუსტებლად. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის ამ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი აგრძელებს მისი მეზობლების დაშინებას საფრთხის შემცველი ქცევით, როგორიცაა ბირთვული იარაღის მუქარა და თავდასხმითი შესაძლებლობების წინ წამოწევა.“ ნათქვამია ახალი სტრატეგიის ტექსტში.

კომენტარები