მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სიახლე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
"ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ." - ნათქვამია შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრაქტიკული გამოცდის ქალაქში ჩაბარება 2018 წლიდან დაიწყება.
"მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე." - აცხადებს სააგენტო.