საკონსტიტუციო ცვლილებები

იურისტი: საკონსტიტუციო ცვლილების გადასინჯვის პროცედურა დარღვეულია

parliament.ge

პარლამენტის პლენარულ სესიაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. მანამდე ცვლილებებს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. დეპუტატებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის კონსტიტუციის ახალი პროექტის მე-18 მუხლში შესატანი ცვლილებებიც. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა კონსტიტუციიდან იმ ჩამონათვალის წაშლას ითვალისწინებს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, მოქალაქეზე ინფორმაცია არ გაიცეს. 

საქმე შემდეგში მდგომარეობს: კონსტიტუციის ახალ, უკვე დამტკიცებულ პროექტში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.იუსტიციის სამინისტროს სურს, საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლების ჩამონათვალი წაიშალოს და ამ ჩანაწერით ჩანაცვლდეს: 

"ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს. ამ უფლების განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სხვათა უფლებების დაცვის, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით". 

ამ მუხლში ცვლილებების შეტანას არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები და ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ისინი თვლიან, რომ ცვლილებებით საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეიზღუდება. დღესვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მისთვისაც მიუღებელია.

მუხლის შინაარსობრივ მხარესთან ერთად სადავოა ცვლილების განხილვის ფორმალური მხარეც.

ვინაიდან: კონსტიტუციის ახალი პროექტის ამ მუხლში ცვლილებები არ განხილულა მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში დამტკიცებიდან მალევე კვლავ ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და სახალხო განხილვაც ჩაატარა. ცვლილების ინიციატივა თეა წულუკიანმა რამდენიმე კვირის წინ, ბიუროს სხდომაზე გამოთქვა. 

მოქმედი კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის . პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ".

შესაბამისად, იურისტ გიორგი ჩიტიძის თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა დარღვეულია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დაადგინოს, რამდენად იყო დაცული კონსტიტუციური კანონის მიღების კონსტიტუციით გათვალისწინებული წესი. 

"მართალია საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის კონსტიტუციურობას​ არ ამოწმებს, თუმცა გასაჩივრების შემთხვევაში მოუწევს იმსჯელოს, რამდენად პროცედურების დაცვით მიიღეს ცვლილებები. ფორმალურ ნაწილში შეუძლია თქვას, იყო თუ არა დაცული მიღების, გამოცემის, ხელმოწერის და გამოქვეყნების პროცედურები", - ამბობს იურისტი. 

კომენტარები