თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის ყველა მარცხი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრად ყოფნის პერიოდში. იუსტიციის მინისტრის რანგში თავისი 5-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, თეა წულუკიანმა არაერთი გახმაურებული საქმე წააგო, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სასამართლოებში. 

წარმოგიდგენთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ყველა დიდ მარცხს.

  • თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე ქართულ მხარეს უარი ჯერ საფრანგეთმა უთხრა 2014 წელს, ხოლო მოგვიანებით დიდმა ბრიტანეთმა 2016 წელს. ამასთან, 2015 წელს კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს. სამივე შემთხვევაში მიზეზად პოლიტიკური დევნის სავარაუდო ნიშნები სახელდებოდა. 
  • ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 2015 წელს ამოიღო. ადეიშვილის ექსტრადიციაზე ქართულმა მხარემ უკრაინას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
  • ქართული მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს არც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალიას საქმეზე. 2015 წელს საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ ახალაიას ექსტრადიციაზე უარი განაცხადა და საფუძვლად საქართველოში დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა დაასახელა.
  • მორიგი მარცხი თეა წულუკიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განიცადა. 2015 წლის ივლისში ინტერპოლმა სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე უარი განაცხადა. იმავე წელს უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადიციაზეც თქვა უარი. 
  • 2016 წლის 7 მარტს პირველად ევროსასამართლოს ისტორიაში სტრასბურგმა გამოიყენა დროებითი ღონისძიება გამოხატვის თავისუფლების საქმეზე და სახელმწიფოს შეუჩერეს რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
  • იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ თეა წულუკიანს დავა ჯერ საქალაქო სასამართლოში მოუგეს 2016 წლის აპრილში, შემდეგ სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის მარტში, ხოლო ბოლოს კი უზენაეს სასამართლოში იმავე წლის 18 სექტემბერს. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრული ანაზღაურება დაევალა. 
  • ევრომოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი სამჯერ ჩატარდა. ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა. ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია ჯერ 2016 წლის სექტემბერში ჩავარდა, ხოლო მეორედ 2017 წლის იანვარში.
  • პირველად საქართველოს ისტორიაში ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამ მუხლის დარღვევა სტრასბურგის ისტორიაში მეშვიდედ, ხოლო ევროსასამართლოს დიდი პალატის ისტორიაში პირველად მოხდა.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი სამთავრობო ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ამდენი მარცხის მიუხედავად, თეა წულუკიანი კვლავ იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებს და თანამდებობაზე ყოფნის დროს სამი პრემიერმინისტრი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - გამოიცვალა. ასე რომ, წულუკიანს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული ოცნების მუდმივა. 

კომენტარები