საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
ლომჯარიას წარდგენას ხელს აწერენ:
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე;
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე;
ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების თავმჯდომარე გიგა ბუკია;
ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე;
ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
ფრაქცია ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოგი მეშველიანი;
ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.
მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე განიხილება, მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. საბოლოოდ, ლომჯარიას კანდიდატურას კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.
ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლოს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.





