ე.წ ციანიდის საქმე

ომბუდსმენი ციანიდის საქმეზე: დარღვევებს სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა

რადიო ფორტუნა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ე.წ. "ციანიდის საქმეზე" არაერთ დარღვევას აქვს ადგილი, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ამის შესაებ აღნიშნულია ომბუდსმენის ე.წ. "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველი საუბრობს პროკურატურისა და თანამდებობის პირების მხრიდან პრეზუმფციის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე.

"პროკურატურისა და თანამდებობისა პირების მიერ ხელოვნური ბუნდოვანების შექმნამ დანაშაულის ობიექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, ხოლო, ამ და სხვა საჯარო პირთა განცხადებების შინაარსმა, გამოძიების პირველივე ეტაპზე ბრალდებულის დამნაშავეობაზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას შეუწყო ხელი, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ შეძლო, უშუალოდ სხდომების მიმდინარეობა არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარემართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება",- აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი იყო ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება.

"საქმის მასალების შესწავლისა და პროცესის სრულად მონიტორინგის შემდგომ დადასტურდა, რომ არ არსებობდა "რადიკალური სამართლებრივი საშუალების" გამოყენების აუცილებლობა. დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით, ბრალდების მხარის მიერ საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი მამალაძეს დამნაშავედ წარმოაჩენდა. ცალკე პრობლემას წარმოადგენს სსსკ 104–ე მუხლის ფორმულირება, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულების საზღვრებს განუზომლად აფართოებს. აღნიშნული ნორმის ფართო ინტერპრეტაციის პირობებში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მხარეთა თანასწორობას, არამედ მთლიანად პროცესის შეჯიბრებით ბუნებას. მასალის გასაჯაროებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება კი მიუთითებს, რომ ამ ნორმის მოქმედებას პროკურატურა უვადოდ განსაზღვრავს, რაც ასევე არაკონსტიტუციურ განმარტებას წარმოადგენს", - წერია ანგარიშში.

ომბუდსმენი ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელი იყო საზოგადოებრივი კონტროლი. თუმცა, მიუხედავად საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესისა, მოსამართლემ სასამართლო სხდომები დახურა, არსებითად, "საპროცესო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი – "საზოგადოების დიდი ნაწილის" რელიგიური გრძნობების მორალური ზიანისგან დასაცავად".

"საქმის სხდომის სრულად დახურვა მოცემულ შემთხვევაში არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა და მსგავსი რადიკალური ზომის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. სხდომის სრულად დახურვის შედეგად დაზიანდა ბრალდებულის უფლება, მისი საქმე განხილულიყო საჯარო სხდომაზე. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე თავისუფლად განიხილავდა საქმის მიმდინარეობის ყველა ასპექტს და ყველასთვის ცნობილი იყო მოწმეების შესახებ ინფორმაცია, სხდომის სრულად დახურვა აზრს იყო მოკლებული", - აღნიშნავს ომბუდსმენის აპარატი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აზრით, არ იყო დასაბუთებული თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების უარი, მოეპოვებინათ საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ნეიტრალური მტკიცებულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერების სახით.

"კითხვის ნიშნებს აჩენს, რატომ არ იზრუნა ამ მტკიცებულების მოპოვებაზე პროკურატურამ, როდესაც მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებებიც კი ვიდეოკამერით იყო გადაღებული. ამ ვიდეოჩანაწერების მოპოვება დიდი ალბათობით დაეხმარებოდა ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლებულიყო ეჭვი ციანიდის დეკანოზის ბარგში "ჩადებასთან" დაკავშირებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის პატივისცემას და აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხს. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არაა განხილული, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი მის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ე.წ."ციანიდის საქმის" არსებითი განხილვის ყველა სხდომას ესწრებოდნენ. გარდა ამისა, აპატმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები; გამოძიების დაწყებიდანვე, როგორც უშუალოდ სახალხო დამცველმა, ისე მისმა რწმუნებულებმა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული რამდენჯერმე მოინახულეს.

ომბუდსმენის აზრით, საქმისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ ე.წ. "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება და აგრძელებს სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დეკანოზი დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები