სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: ცვლილებების შედეგი ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია იქნება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებები ხარჯების ოპტიმიზაციასა და დადებით შედეგებს მოიტანს.

„ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს.

"რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით. უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები დღეს წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა თანხა დაიზოგება "ხარჯების რაციონალიზაციით და ოპტიმიზაციით".

კომენტარები