ამირან კვირიკაშვილის საქმე

საია: ამირან კვირიკაშვილის ფაქტზე გამოძიებას არაუფლებამოსილი ორგანო აწარმოებს

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამირან კვირიკაშვილის საქმეზე გამოძიებას არაუფლებამოსილი ორგანო აწარმოებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, საქმე გადაეცეს საქართველოს პროკურატურას. 

"მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიებადაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პროკურატურას. ამასთან, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს საქმის ყოველმხრივი, სწრაფი და ობიექტური გამოძიება და როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ასევე საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე,"- წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

8 ნოემბერს, ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ამირან კვირიკაშვილზე პოლიცია ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

გარდაცვლილის და რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ოჯახი ჯართის შეგროვებით ირჩენს თავს და პოლიციას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. მისივე თქმით, პოლიციამ ამირან კვირიკაშვილი "ორჯერ თუ სამჯერ დაიბარა" და მისი ძმის დაკითხვა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ჩემი აზრით, ეუბნებოდნენ, ან ითანამშრომლეთ ჩვენთან ან დაგიჭერთო. ალბათ, ეს იყო მუქარა, რომელიც მან ვერ აიტანა. პირადად მე მითხრა - ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა და ისევ დაუშავა თავის თავს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არ ვნახო ჩემს ჭიშკართან არასოდეს პოლიცია და მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს უმშობლოდ, ამოიღონ ის საბუთი და მანახონ, რაზე მოაწერინეს ხელი. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს,“- ამბობს გარდაცვლილის და და აღნიშნავს, რომ პოლიციამ მისი ძმები უკვე დაკითხა.

ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები