აშშ

ქალი სამსახურიდან ტრამპის ესკორტისათვის შუა თითის ჩვენების გამო გაათავისუფლეს

AFP / Getty Images

50 წლის ჯული ბრისკმენი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ინტერნეტში მისი ფოტო გავრცელდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ესკორტს შუა თითს აჩვენებს. ფოტო 28 ოქტომბერს, ვირჯინიის შტატშია გადაღებული, ტრამპის გოლფის ცენტრთან ახლოს. 

ბრისკმენი მიიჩნევს, რომ კომპანია Akima LLC-ის წარმომადგენლები ის სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ აღნიშნული ფოტო თავის სოციალურ ქსელებზე გამოაქვეყნა. BBC-ის ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ კომპანიას, თუმცა მათ პასუხის გაცემა არ ისურვეს. 

ბრისკმენი ამერიკულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ის შეხვედრაზე დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან HR დეპარტამენტს უთხრა, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე სწორედ თვითონ იყო მოქმედი გმირი. 

Huffington Post-თან საუბრისას თქვა, რომ დამსაქმებლებმა ფოტო "უხამსად" და "უზრდელობად" შეაფასეს და ამასთან განაცხადეს, რომ ეს ფოტო მათი სოციალური მედიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან ბრისკმენმა ის საკუთარ Twitter-ისა და Facebook-ის ანგარიშებზე გამოაქვეყნა. 

ბრისკმენი ბრალდებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან ფოტო სამუშაო საათებში არ არის გადაღებული და ამასთან, სოციალური ქსელის ანგარიშებზე არ აქვთ მითითებული, თუ სად მუშაობს. 

50 წლის ჯული ბრისკმენი სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიაში Akima LLC-ში 6 თვის მანძილზე მუშაობდა კომუნიკაციების დეპარტამენტში. სამსახურის დაკარგვისდა მიუხედავად, ის ამბობს, რომ არ ნანობს იმას, რაც გააკეთა. 

"მე სამსახური Facebook პოსტის გამო დავკარგე. რაღაც მხრივ, ახლა უფრო კარგად ვარ, ვიდრე ოდესმე. გაბრაზებული ვარ იმაზე, თუ სად არის ჩვენი ქვეყანა ახლა. მე აღშფოთებული ვარ, ეს კი ჩემთვის იყო შანსი, რომ მეთქვა რაღაც,"- ამბობს ჯული ბრისკმენი. 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესფოტოგრაფი ბრენდენ სმიალოვსკი AFP-სთან საუბრისას ამბობს, რომ ძალიან ხშირია შემთხვევბი, როცა ესკორტით მგზავრობისას პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას მსგავსად "უხამსი" ჟესტებით გამოხატავენ. 

ის ამბობს, რომ ბრისკმენმა ჟესტი რამდენჯერმე გაიმეორა და რამდენჯერმე სცადა, რომ დაწეულიყო ესკორტს. 

კომენტარები