სექსუალური შევიწროება

კევინ სპეისი მოზარდზე სექსუალურ ძალადობას არ უარყოფს, აღიარებს რომ გეია

Reuters.com

ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი ჰებეფილიაში (11-14 წლის ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობა) დაადანაშაულეს.

მსახიობმა ენტონი რეპმა Buzzfeed-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის 14 წლის იყო, როდესაც კევინ სპეისიმ წვეულებაზე მიიპატიჟა, სტუმრების წასვლის შემდეგ კი საწოლ ოთახში წაიყვანა, ზემოდან დააწვა და პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს უსვამდა. რეპის თქმით, მაშინ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სპეისი მთვრალი იყო და ის ოთახიდან გამოვიდა.

ამ შემთხვევის დროს House of Cards-ის მსახიობი 26 წლის იყო. 

კევინ სპეისი ამ ფაქტს ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა. 
 

"გულწრფელად, მე არ მახსოვს ეს ისტორია, ეს დაახლოებით 30 წლის წინ მოხდა. თუ ასე ვიქცეოდი, როგორც მან [რეპმა] აღწერა, ის ჩემი უადგილო საქციელისთვის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ბოდიშს იმსახურებს და მე ვწუხვარ იმ გრძნობებისთვის, რასაც ის ამ შემთხვევის გამო ამდენი წლის განმავლობაში განიცდიდა."- წერს სპეისი.

ამავე პოსტში კევინ სპეისიმ განაცხადა, რომ გეია.

"ცხოვრების განმავლობაში მე მქონია სასიყვარულო და რომანტიული ურთიერთობები კაცებთან და ახლა ვირჩევ, რომ ვიცხოვრო როგორც გეი კაცმა."- წერს სპეისი.

სპეისის განცხადება საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო. აღიარების ფაქტს გამოეხმაურნენ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები, უფლებადამცველები, პროფესორები, LGBTQ თემის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, რომელთაც მსახიობი ღიად დაადანაშაულეს. მათი თქმით, კევინ სპეისიმ, ამ ხერხით, უბრალოდ, სიტუაციის რეალური სიმძიმის განეიტრალება და დანაშაულის გადაფარვა სცადა. უფრო მეტიც, ამ აღიარებით საზოგადოებაში ჰომოფობიის გაღვივებასაც შეუწყო ხელი, რადგან ბავშვზე ძალადობა და ის ფაქტი, რომ გეია, ერთმანეთს დაუკავშირა.

როუს მაკგოვანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაადანაშაულა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში, კევინ სპეისის განცხადებას თვითერის პოსტით გამოეხმაურა.

"მშვიდობით, სპეისი, ახლა შენი დროა, რომ იტირო. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ."

LGBT აქტივისტი, დენ სავაჯი, კი თვითერის ოფიციალურ გვერდზე წერს:

"არა კევინ სპეისის განცხადებას. არა. არ არსებობს არანაირი სიმთვრალე და არანაირი მიზეზი, რომელიც 14 წლის ბავშვზე ძალადობას გაამართლებს."

კომენტარები