არჩევნები 2017

NGO-ები: თეთრიწყაროში ევროპული საქართველოს პარტიული სიის გაუქმება ეჭვებს აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტეში "ევროპული საქართველოს" პარტიული სიის გაუქმება და არჩევნებში მონაწილეობაზე კანდიდატების უეცარი უარი ეჭვებს აჩენს მათი გულწრფელობის შესახებ.

"საგულისხმოა, რომ კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ. ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ - საარჩევნო ადმინისტრაციისგან.  

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში - დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ. აღსანიშნავია, რომ გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლისა იძულების ფაქტებზე ასევე ვრცელდება სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც, მათ შორის, ასპინძაში და დმანისში", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ების აზრით, მსგავსი ფაქტები მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება.

ორგანიზაციების განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტის "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს" პარტიული სია მას შემდეგ გაუქმდა, რაც ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა რეგისტრაციიდან. 

NGO-ების ინფორმაციით, კანდიდატებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრებას საზღვარგარეთ, რის გამოც მათ უარი განცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ "ევროპული საქართველოს" კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით.

განცხადებას 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო";
  • "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება";
  • სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA).

კომენტარები