პანორამა თბილისი

1 ლარად დამტკიცებულ მიწაზე ინვესტიციის პირობის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარია

საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ცენტრში 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაიკანონა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანია "თბილისი სითიმ" მილიონიანი ინვესტიცია უნდა ჩადოს და არანაკლებ 30-ადგილიანი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.

ტაბულას მიერ მოპოვებული საინვესტიციო შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ "თბილისი სითი" ტერიტორიაზე 30-ადგილზე მცირე ავტოსადგომს მოაწყობს, ის 100 ლარით დაჯარიმდება.

თავისუფლების მოედანზე მდებარე მიწის საბაზრო ფასი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

ბიძინა ივანიშვილისთვის გაფორმებული კონტრაქტის ზუსტი პირობები ასე გამოიყურება:

მუხლი 3.1

"არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელების გზით, პრივატიზებული ტერიტორიის მიწისქვეშ არანაკლებ 30 (ოცდაათ) ერთეულ ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 12 თვის ვადაში."

მუხლი 3.2

"პრივატიზების საგნის მიწისზედა ტერიტორიის კეთილმოწყობა."

რა სახის ჯარიმებს ითვალისწინებს შეთანხმება:

ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე სახის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. მაგალითად, თუ "თბილისი სითიმ" 1 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ დაარღვია პირობა, რომ მინიმუმ 30-ადგილიან ავტოსადგომს მოაწყობს, 100 ლარით დაჯარიმდება. ხელშეკრულება სხვა ჯარიმებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, თუ ტერიტორიაზე 1 წლის განმავლობაში მიწისქვეშა ავტოსადგომი არ აშენდა, ივანიშვილს ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით დღეში 50 ლარი დაერიცხება. პრივატიზაციის საფასურის - 1 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ივანიშვილი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარით დაჯარიმდება.

მუხლი 6.1

"საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის (1 ლარის არგადახდის შემთხვევაში) ან შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ქონების შემძენს ეკისრება პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო განისაზღვრება გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით (ამ შემთხვევაში 10 თეთრი) დარღვევის დღიდან ყოველ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება თანხის სრულ დარიცხვამდე."

მუხლი 6.2

"ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის (მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა) დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე."

მუხლი 6.3

"ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (ინვესტიციის განხორციელება მითითებული ოდენობით) დარღვევის შემთხვევაში ქონების შემძენს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-იდ ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ დღეზე"

მუხლი 6.4

"ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზაციო პირობაში მითითებული ავტოსადგომების რაოდენობის (30 ერთეული) დარღვევის შემთხვევაში, ქონების შემძენს დაერიცხება პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით."

მუხლი 6.5

"ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზაციო პირობის (ავტოსადგომის ზედა ტერიტორიის კეთილმოწყობა) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ქონების შემძენს დაეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

რა შენდება თავისუფლების მოედანზე:

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე აშენებს 7-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც Marriott-ის კუთვნილი Autograph Collection-ის ბრენდის იქნება. 1 ლარად გადაცემული ქონებაც სწორედ აღნიშნული სასტუმროს პარკინგი იქნება. თავისუფლებაზე მდებარე სასტუმრო "პანორამა თბილისის" სხვა ნაწილებს სპეციალური საბაგიროთი უნდა დაუკავშირდეს, რომელსაც ფონდი ქალაქის ისტორიული ნაწილის თავზე გაჭიმავს. 

კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც საკრებულომ ბიძინა ივანიშვილს გადასცა, თაბორის მთაზე არსებული 0.4 ჰექტარია. ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას სარეკრეაციო სტატუსი ივანიშვილის მოთხოვნით საკრებულომ რამდენიმე კვირის წინ მოუხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" კიდევ ერთი სასტუმროს, "თაბორი რიზორტსის" ტექნიკური ნაგებობები უნდა განთავსდეს. 

თაბორის მთაზე 29.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა 2016 წელს 6.3 მილიონ ლარად იყიდა. ადგილზე გოლფ კლუბის და სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.

თაბორის მთაზე 0.4 ჰექტარში ივანიშვილმა 102 ათასი ლარი გადაიხადა. ოპოზიციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ქვესადგური მოეწყობა.

კომენტარები