ე.წ ციანიდის საქმე

პროკურატურამ ე.წ ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

რადიო ფორტუნა

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე, წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების მუხლით აწარმოებს. 

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საქმე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე, წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. 

კომენტარები