კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

კატალონია კრიზისიდან გამოსვლაში დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს

Sky News

ევროპარლამენტი კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის საკითხზე დებატებს გამართავს. ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ანტონიო ტაიანი ტვიტერზე წერს, რომ ის ესპანეთის პრემიერმინისტრს, მარიანო რახოის ამის შესახებ უკვე ესაუბრა. დებატები 4 ოქტომბერს გაიმართება. 

„მე ველაპარაკე ესპანეთის პრემიერმინისტრს, მარიანო რახოის. კატალონიაში მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ ევროპარლამენტი კონსტიტუციის, ესპანეთში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების საკითხებზე დებატებს ჩაატარებს“ - აცხადებს ტაიანი

ვითარების მოგვარება საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირს და მის სტრუქტურებს კატალონიის ლიდერებმაც სთხოვეს. ბარსელონას მერმა, ადა კოლვამ ევროკავშირს მოუწოდა, დაეხმაროს კატალონიას და ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას, გამართონ მოლაპარაკებები, რათა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესპანეთის ყველაზე მძიმე კონსტიტუციური კრიზისი გადაიჭრას. 

"მე ვფიქრობ, ევროკავშირი ხედავს, რა ხდება კატალონიასა და ესპანეთში. მათი მოვალეობაა, დახმარება გასწიოს მოლაპარაკებებსა და პოლიტიკურ მედიაციაში. უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი". 

საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას კატალონიის პრეზიდენტი, კარლეს პუიგდმონიც სთხოვს. 

"ჩვენ არ გვინდა ესპანეთთან ტრავმული განშორება. ჩვენ გვსურს ესპანური სახელმწიფოს ახლებური გაგება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მედიაციაზე, არ ვსაუბრობთ ვინმეზე კონკრეტულად, ეს ვერ იქნება მხოლოდ ევროკავშირის როლი. მაგრამ აშკარაა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. ნათელია, რომ მან უნდა შეწყვიტოს თვალის არიდება იმისგან, რაც მის სივრცეში ხდება". 

კატალონიის ლიდერების ამ განცხადებების პარალელურად ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები კვირას, კატალონიის რეფერენდუმის დროს პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ. რეფერენდუმის მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, ხმის მიცემის პროცესში ესპანეთის პოლიციის ძალადობის გამო დაახლოებით 900 ადამიანი დაშავდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.  

ამასთან, კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო, რომელსაც პროფკავშირები ატარებენ. ესპანური მედიის ცნობით, გაფიცვის გამო მეტრო, ავტობუსები და რკინიგზა მგზავრებს მხოლოდ ე.წ პიკის საათებში მოემსახურება. გაფიცვის ფარგლებში კატალონიელებმა გზების ბლოკირება დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, დაბლოკილია 24 გზა. 


ფოტო: BBC

დახურულია მაღაზიები. არ მუშაობენ სკოლები და უნივერსიტეტები, შეზღუდულია სამედიცინო სერვისების მიწოდებაც. 

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კვირას ჩატარდა. მასში მონაწილეთა 95%-მა პროცენტი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, დამოუკიდებლობას "დიახ" 90%-მა პროცენტმა უთხრა. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც მთელი მოსახლეობის 42%-ია, სულ კატალონიაში 5,34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ესპანეთის მიერ არაკონსტიტუციურად არის ცნობილი - ესპანეთის მთავრობა მას არალეგიტიმურად აცხადებს და შედეგებს არ აღიარებს. ესპანეთის პრემიერმინისტრი, მარიანო რახოი ამბობს, რომ ეს რეფერენდუმი დემოკრატიის დაცინვაა. 

კომენტარები