დეკანოზ მამალაძის საქმე

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეკანოზ მამალაძის შიმშილობის ფაქტს უარყოფს

რადიო ფორტუნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამბობს, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სატელეფონო კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზზე პრეტენზია გამოთქვა, თუმცა ის არ შიმშილობს. მათივე თქმით, ტექნიკური ხარვეზი წვიმასთან და ჭარბ ნალექთან იყო დაკავშირებული. 

„N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების, მათ შორის, გიორგი მამალაძის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელების დროს დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ პრეტენზია გამოთქვა. დაწესებულების ხელმძღვანელებმა გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შემოწმების შემდეგ განაცხადეს, რომ ხარვეზი დაკავშირებული იყო ჭარბ ნალექთან და ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა მამალაძემ ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება მოითხოვა, რის შემდეგაც მსჯავრდებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადგილზე მოინახულა. გიორგი მამალაძე, მისივე განცხადებით, არ შიმშილობს", - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. 

ცოტა ხნის წინ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა, რადგან ოჯახთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო. რამიშვილის თქმით, ეს მამალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა. 

კომენტარები