სამართალდამცველებმა ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საბანკო პლასტიკურ ბარათს "გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლა" და მისი გამოყენებით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, რვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადარიცხა Crystalbet.com-ის საკუთარ ანგარიშებზე, ხოლო მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს - დარჩენილი თანხით სხვადასხვა სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან, აღნიშნული პლასტიკური ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





