საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის ნახევარს საკვების შეძენაზე ხარჯავს

Reuters

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანების რიგშია, თუმცა ჩვენი ქვეყანა მრავალი მახაისათებლით ბევრად ახლოსაა მასზე გაცილებით ღარიბ ქვეყნებთან, მათ შორისაა მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში საკვების წილი.

საქსტატის უკანასკნელი ანგარიშით, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების 44% საკვების შეძენაზე იხარჯება. დასავლურ ქვეყნებში სურსათზე მთლიან ხარჯებში გაცილებით ნაკლები წილი მოდის. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, საკვების დანახარჯები მოსახლეობის მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 6.4%-ია.

მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში საკვების დანახარჯები ასე გამოიყურება:

  • აშშ - 6.4%
  • სინგაპური - 6.7%
  • დიდი ბრიტანეთი - 8.2%
  • შვეიცარია - 8.7%
  • კანადა - 9.1%
  • ავსტრალია - 9.8%
  • ავსტრია - 9.9%

საკვებზე დანახარჯების მაღალი წილია ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, მაგალითად, კამერუნში საკვებზე დანახარჯების წილი 45%-ია, კენიაში 46%, ნიგერიაში კი 56%. სხვა უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ის ხშირ შემთხვევაში აღემატება 50%. 

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, საკვებზე დანახარჯების მაღალი წილი პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან. აშშ-ის შემთხვევაში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20% სურსათზე ხარჯავს საკუთარი შემოსავლების 28%-ს.

მსოფლიო ბანკის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 32% უკიდურესად ღარიბია, 37% კი საშუალოდ ღარიბია, ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ჯამში 69% ღარიბია.

ქვეყანა რაც უფრო ღარიბია, მისი მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში საკვების წილი მით უფრო მაღალია.

კომენტარები