საქართველოს ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის აჩქარებას მოელის

Getty Images

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ახალი, ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 0.4%-ით აღემატება იანვრის პროგნოზს.

რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკი ივნისის ანგარიშში ამ მონაცემთან მიმართებით ცვლილებაზე არ საუბრობს. ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას 2024-2025 წლებში 5%-იანი ზრდა ექნება.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2023 წელს ეკონომიკურ ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კვლავ უკრაინის ომია. 

მსოფლიო ბანკის გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შენელებულია და წლიური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 1.4%-ია. 

ზრდის შენელების მიზეზი, მსოფლიო ბანკის მიხედვით, მაღალი ინფლაცია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული გარე მოთხოვნაა. 

მსოფლიო ბანკი ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცენტრალური ევროპის რეგიონისგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი იყო, რაც რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინებამ გამოიწვია.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 3%-მდე შემცირდება. ამის მიზეზი კი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა
და რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინების შესუსტებაა.

კომენტარები