საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა: ზრდის მიღმა დანახული რეალობა

საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა: ზრდის მიღმა დანახული რეალობა

2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა ქვეყნის ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების რწმენა განამტკიცა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლეტების რემონტი და დამამუშავებელი მრეწველობა. 2023 წელს კი ზრდის ტემპი მცირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის- ზრდამ 5.1% შეადგინა, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 

რუსი მიგრანტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს რეალურმა მშპ-ს ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4% შეადგინა. მიუხედავად ამისა, ბევრი ეკონომისტისა და ანალიტიკოსის რწმენით, ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთჯერადი მოვლენაა და უმეტესწილად მიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინებით არის განპირობებული. ამასვე ადასტურებს CNBC-, რომლის მიხედვითაც სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიგრანტების წყალობით მიაღწია ეკონომიკურ ბუმს.

მართლაც, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შემოვიდა. რუსების შემოდინება საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად ხდებოდა და შეიძლება, რომ ორ ტალღად დაიყოს. პირველი უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვალს გაცემულ ბრძანებასსამხედრო ოპერაციისდაწყების თაობაზე, ხოლო მეორე ტალღა ვლადიმირ პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას. მიგრანტების ახალმა ნაკადმა დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, როგორც დადებითი, აგრეთვე უარყოფითი თვალსაზრისით.

ერთი მხრივ, მიგრანტების დიდი ნაკადის შემოსვლას თან მოჰყვა ახალი კომპანიებისა და ბიზნესების რეგისტრირების უპრეცედენტო მაჩვენებელი და ინვესტიციები, რამაც ეკონომიკის დინამიკურობას ახალი ბიძგი მისცა. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21 326, რაც სამჯერ აღემატება გასული წლების მაჩვენებელს.

აგრეთვე აღსანიშნავია უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა, რაც ბინებზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 13.1%-ს მიაღწია. ბინების ქირის ზრდა ინფლაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ხოლო ვინაიდან მშპ სწორედ საქონლისა და მომსახურების საბოლოო ღირებულების დაჯამებით გამოითვლება, ქირებზე ფასების ზრდა ოპტიმისტურ ციფრებში გადაითარგმნება. ეს უკანასკნელი კი ქვეყნის მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე დადებითად აისახება. მიუხედავად ამისა, ბინის ქირის ზრდა უდიდესი პრობლემის წინაშე აყენებს რიგით მოქალაქეებს. რადგან ქირა სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის მატებას. ინფლაციის გამო კი ქირის გადახდა რთული ხდება, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აგდებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 56 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასულ წელზე 7-ჯერ მეტია. ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში, უძრავი ქონების სფეროსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. რუსული კაპიტალის შემოდინება და ინვესტიციები საქართველოში არ არის რისკებს მოკლებული პროცესი, ვინაიდან ეკონომიკური გავლენა საკმაოდ მარტივად შეიძლება გადაითარგმნოს პოლიტიკურ გავლენაში, განსაკუთრებით კი ისეთი აგრესიულად განწყობილი ქვეყნის ხელში, როგორიც რუსეთია.

2023 წლის მეორე კვარტალში კი, პირველ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით შეინიშნება მცირედი კლება. მაგალითად, საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით, მეორე კვარტალში რუსული პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობამ 28.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში კი ნიშნული 28.2 მლნ დოლარი იყო.

ზრდის ფენომენის ახსნისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსი მიგრანტების დიდი ნაწილი ონლაინ სამუშაოთი იყო და არის დასაქმებული. ფულადი გადარიცხვები და მიღებული ხელფასი კი საქართველოში იხარჯება ისეთ სექტორებში, როგორიცაა გართობა და რეკრეაცია, რესტორნები და .ეს უკანასკნელი კი პოზიტიურად ზემოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და ზრდის საქართველოს მშპ-. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოური კაპიტალის დიდი ოდენობით შემოდინებამ გაზარდა მოთხოვნა ლარზე, რამაც ეროვნული ვალუტის კურსი გაამყარა დოლართან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრისთვის განსაზღვრული კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95.

საქართველოს დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე

მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთიდან შემოსულ ფულად გადმორიცხვებზე. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 22- ადგილზეა. შედარებისთვის, ამავე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ტაჯიკეთი, მეორეს კი ტონგა.  

ფულადი გზავნილებსა და პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე დამოკიდებულება საქართველოს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური რისკების ქვეშ აყენებს. ზოგადად რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა უკრაინის ომის დროს უპრეცედენტოდ გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წელს ეტაპობრივად დაიწყო კლება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 5-ჯერ შემცირდა რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები. თუმცა აქაც საჭიროა, რომ მხოლოდ ციფრებს გავცდეთ და სტატისტიკის მიღმა არსებული რეალობა დავინახოთ. საქართველოს ეკონომიკა მაინც რჩება ფულად გზავნილებზე დამოკიდებულ ქვეყნად. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ რაიმე სახის არასტაბილურობის დროს აღნიშნული ფულადი გზავნილები უცაბედად შეწყდეს, რაც მძაფრად დაარტყამს საქართველოს ეკონომიკურ სისტემას.

ცხადია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები თავისთავადად რისკის შემცველი არ არის. პირიქით, სწორედ უცხოური ინვესტიციები და კაპიტალის შემოდინებაა ქვეყნის განვითარებისა და ზრდის საწინდარი. თუმცა პრობლემები მაშინ ამოდის წყლის ზედაპირზე, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მხოლოდ უცხოურ კაპიტალს ემყარება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი იყოს გარეგანი შოკებისადმი და კაპიტალის გადინება საშიშროება აირიდოს თავიდან, აუცილებელია, რომ ეკონომიკის განვითარების მდგრადი და გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავდეს.

რუსი მიგრანტების გადინების ადრეული ეტაპი?

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, რუსი მოქალაქეების მიგრაციის დინამიკა 2023 წლის 9 თვეში შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა-გამოსვლის მონიტორინგის დეტალური ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ წელს 1 508 000 რუსი მოქალაქე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 1 528 000 კი გავიდა, რაც უარყოფით მიგრაციულ სალდოზე მიგვითითებს. ამავდროულად, PMCG-ი კვლევითი ცენტრის მიხედვით, საქართველოში 2022-2023 წლებში ჩამოსული სულ მცირე 40 ათასი რუსი მოქალაქე დარჩა. აღნიშნული სტატისტიკა კი ქვეყნიდან რუსების გადინების ადრეულ ფაზაზე მიგვითითებს და გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდება რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

შესაბამისად, მიუხედავად ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისა და ლარის გამყარებისა, საქართველოს ეკონომიკა ზრდის ნელი ტემპით ხასიათდება. გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური კრიზისები უარყოფითად ზემოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. ამავდროულად, რუსი მიგრანტების, რუსული პირდაპირი ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ოდენობა ეტაპობრივად მცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრების საჭიროებას წარმოქმნის.

კომენტარები