Zapad 2017

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დაიწყეს

РИА Новости

რუსეთმა და ბელარუსმა 14 სექტემბერს ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით "ზაპად 2017" (რუსულიდან: დასავლეთი 2017) დაიწყეს. სამხედრო სწავლება ბელარუსში მიმდინარეობს​. BBC-ის ცნობით, წვრთნებმა ნატოს ქვეყნების აღელვება გამოიწვია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოების მთავარსარდალს, კურტის სკაფაროტის სწავლების დაწყების შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ტელეფონით შეატყობინა.

"ზაპად 2017" რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო სწავლებაა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ნახევარკუნძულს ანექსია მოახდინა. მასში ჯავშანტექნიკა, საბრძოლო ხომალდები და თვითმფრინავებია ჩართული. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, წვრთნებში 12 700 სამხედრო მონაწილეობს, თუმცა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ფიქრობს, რომ ჯარისკაცების რიცხვი მეტია. 

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი, "ზაპად 2017" შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პრელუდია იყოს. უკრაინამ საზღვრებთან სამხედრო უსაფრთხოება გააძლიერა. 

სწავლება, ბელარუსის მთავრობის ცნობით, 30 სექტემბერს დასრულდება და რუსეთის შეიარაღება ქვეყანას სწორედ ამ დღეს დატოვებს, თუმცა წვრთნის დასრულების ოფიციალურ თარიღად 20 სექტემბერია მითითებული. 

კომენტარები